ევროკავშირის ლიდერები კოპენჰაგენში შეიკრიბნენ იმისათვის, რომ იმსჯელონ ევროპის თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე. შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ევროკავშირისა და NATO-ს საჰაერო სივრცე.
მასპინძელი ქვეყნის პრემიერის განცხადებით, ევროპას დღეს ემუქრება მხოლოდ ერთი ქვეყანა – რუსეთი და ამ გამოწვევას დასავლეთმა მკაცრად და ძლიერად უნდა უპასუხოს. ევროპის არაერთი სახელმწიფო უჭერს მხარს ე.წ. „დრონების კედლის“ მოწყობას.
ევროკომისიის პრეზიდენტი რუსული აქტივების საფუძველზე, უკრაინისთვის რეპარაციული სესხების მიწოდების წინადადებით გამოვიდა.
„ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა გავზარდოთ. სწორედ ამიტომ გამოვედი ინიციატივით, გაყინული რუსული აქტივების საფუძველზე, უკრაინისთვის რეპარაციული სესხების მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ აქტივებს კონფისკაციას არ ვახდენთ, არამედ ვიღებთ ნაღდი ფულის ბალანსს უკრაინისთვის სესხის გასაცემად. უკრაინამ უნდა დაფაროს ეს სესხი, თუ რუსეთი გადაიხდის რეპარაციებს. რადგან დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. ჩვენ შორის იზრდება კონსენსუსი, რომ არა მხოლოდ ევროპელმა გადასახადის გადამხდელებმა უნდა გადაიხადონ, არამედ რუსეთმაც უნდა აგოს პასუხი. რუსეთი არის დამნაშავე, უკრაინას მან მიაყენა ზიანი და პასუხისმგებელიც ის უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ახლა ამის სამართლებრივი გზა არსებობს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
კოპენჰაგენში შეხვედრები მიმდინარეობს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე, რადგან ბოლო დროს თავად დანიაშიც შენიშნეს საეჭვო დრონები. დანიის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ათამდე მოკავშირე სახელმწიფოა ჩართული.