მთავარიგადაცემებიSmart Regionsწყალდიდობის მართვის ინფრასტრუქტურა გერმანიაში

წყალდიდობის მართვის ინფრასტრუქტურა გერმანიაში

შესაძლებელია თუ არა წყალდიდობის შეკავება? ევრონიუსი ჩავიდა გერმანიაში, მდინარე ელბის აუზში მდებარე ქალაქში, სადაც წყალდიდობის მასშტაბი სულ უფრო იზრდება კლიმატის ცვლილების გამო და სადაც წყალდიდობას სხვადასხვა საშუალებით მართავენ.

დებელნი ქალაქია გერმანიაში, რომელიც მდინარე ელბას აუზში მდებარეობს. 2002 წელს ეს ქალაქი ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა წყალდიდობამ დააზარალა, როგორც ეს ცენტრალური ევროპის უმეტეს ნაწილში მოხდა. წყალდიდობა სულ უფრო გახშირდა და უფრო დამანგრეველი გახდა კლიმატის ცვლილებების გამო. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები წყალდიდობის საწინააღმდეგო სხვადასხვა ინფრასტრუქტურას ავითარებენ, რათა ზიანი შეამცირონ.

„წყლის დონე იმდენად მაღალი იყო მერიის წინ, რომ ზოგიერთ ადგილას 3 მეტრსა და 84 სანტიმეტრსაც კი მიაღწია,“ – იხსენებს სვენ ლიბჰაუზერი, დებელნის მერი. „უზარმაზარი ზარალი მოგვადგა, მაგრამ წყალდიდობის შემაკავებელი ნაგებობების გამო, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით ავაგეთ, ახლა უფრო მშვიდად ვგრძნობთ თავს“.

„წყალმა პირველ სართულს მიაღწია. ასე რომ, წყლის დონემ დაახლოებით სამი, თითქმის ოთხი მეტრით მოიმატა. საშინელება იყო. ახლაც მზარავს გაფიქრება“, – ამბობს ალფრედ კლეპციგი, მდინარის პირას მდებარე ტრამვაის მუზეუმის  მფლობელი

ქალაქ დებელნს ორი მდინარე უვლის გარს. მდინარე ფრაიბერგერ-მულდეს სწრაფი ნაკადი აქვს. როდესაც მისი დონე იმატებს, ფიქრის დრო, ფაქტობრივად, არ რჩება.

„ეს, რა თქმა უნდა, დიდ პრობლემას გვიქმნის წყალდიდობისგან თავის დაცვის კუთხით, რადგან გვინდა, ისეთი ტექნიკური გამოსავალი მოვიფიქროთ, რომელიც წყალდიდობას გაუმკლავდება. თუ ამას ვერ შევძლებთ, წყალი ქალაქის ცენტრს შესაძლოა ორივე მხრიდან მიაწყდეს, ასე რომ, კომპლექსური დაცვაა საჭირო“, – განმარტავს დებელნის მერი.

ტრამვაის მუზეუმი არხის პირას მდებარეობს. აქ ძალიან დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა: მდინარის კალაპოტი სამმაგად გააფართოვეს, რის გამოც რამდენიმე მიმდებარე შენობა დაანგრიეს კიდეც. ორკილომეტრიან მონაკვეთზე ფერადი პანელები დაამონტაჟეს ქალაქის დასაცავად და  მისი იერსახის შესანარჩუნებლად.

“კიდევ რამდენჯერმე ადიდდა წყალი, ექსტრემალური მასშტაბი არ ჰქონია, მაგრამ მაინც წყალდიდობა იყო და ეს თხრილი მთლიანად აივსო წყლით,“ – ამბობს მუზეუმის მეპატრონე ალფრედ კლეპციგი. „ამ თხრილის გარეშე მთელი წყალი ქალაქს მიასკდებოდა. ამ არხმა ნამდვილად დაიცვა ქალაქი“.

2002 წლის შემდეგ საქსონიის რეგიონმა 3 მილიარდ 300 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო წყალდიდობის დამცავ ინფრასტრუქტურაში. 2009-2029 წლების მონაკვეთში მხოლოდ დებელნი 95 მილიონ ევროს მიიღებს. ამ თანხის 30%-ს (27 მილიონ ევროს) ევროკავშირი დააფინანსებს, დარჩენილ 70%-ს (68 მილიონ ევროს) კი გერმანიის ფედერალური მთავრობა და საქსონიის შტატი დაფარავენ.

ეს წყლის გადასაგდები არხი წყალდიდობისგან დამცავი გეგმის ქვაკუთხედია: იგი აღჭურვილია სენსორებითა და კამერებით, რომლებითაც წყლის დონეს გამუდმებით აკვირდებიან, რაც წყალდიდობის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ჭკვიანი სისტემის წყალობით, როდესაც წყლის დონე მატულობს, ფოლადის კარიბჭე ავტომატურად იხსნება. სამშენებლო სამუშაოები ბოლომდე არ დასრულებულა.

„წყლის მოცულობის 70% ამ ხელოვნურ არხში გადავა, დანარჩენი კი მდინარეში დარჩება,“ – განმარტავს კატრინ შონე, საქსონიის სახელმწიფო რეზერვუარის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. „ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია წყალდიდობის შემაკავებელი კედლის მშენებლობა  მდინარის წელის გასწვრივ, რომელიც მთელ ქალაქს უვლის გარს. ეს კედელი დაახლოებით ექვსკილომეტრ-ნახევარი სიგრძის იქნება, როდესაც დასრულდება. მთლიანი პროექტი 2029 წელს უნდა დამთავრდეს“.

2023 წელს მცირე წყალდიდობამ გამოსცადა არხი და დაამტკიცა, რომ არსებულ სისტემას უკვე შეუძლია ქალაქის დაცვა.

ავტორი: კრისტინა ხინერი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend