სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიის თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა.
უწყება მას ედავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. ეს მუხლები ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას.
„გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 162-ე მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.
სუსის განცხადებით, ზვიად კუპრავას დაკავების საფუძველი გახდა პოლიტიკოსის მიერ 30 სექტემბერს „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა.