მთავარიმსოფლიოკავკასიანიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის დემოკრატიისთვის „ევროსაბჭო ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია“

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის დემოკრატიისთვის „ევროსაბჭო ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია“

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა ქვეყნის ბოლოდროინდელ საგარეო კურსსა და შიდაპოლიტიკურ საკითხებსა თუ გამოწვევებზე.

მისი თქმით, ევროსაბჭო არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, რომელიც განსაკუთრებით ეხმარება სომხეთის მსგავს მცირე ქვეყნებს, გაატარონ დემოკრატიული რეფორმები სხვა წარმატებული სახელმწიფოების მაგალითზე დაყრდნობით.

„მე, როგორც ბევრი სხვა, არ ვთვლი ევროსაბჭოსა და მის ინსტიტუტებს უცხო ორგანიზაციებად. ევროსაბჭო ჩვენი დემოკრატიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია, რადგან ჩვენ ვართ მისი სრულუფლებიანი წევრები. ასეთივეა საპარლამენტო ასამბლეა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რაც მნიშვნელოვნად გვარწმუნებს დემოკრატიული რეფორმების გატარებაში, რადგან ჩვენ ვიცით – თუკი დავუშვებთ შეცდომას, ჩვენ გვერდით არის ორგანიზაცია, რომელიც ამ შეცდომებზე მიგვითითებს. ისინი დაგვეხმარებიან, ვიპოვოთ სწორი მიმართულება დემოკრატიის გზაზე, რომელიც, სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო მეტად რთული ხდება…

ჩვენ არც ისე დიდი სახელმწიფო ვართ, თუმცა ვხდებით დიდი, მშვენიერი და ნათელი ოჯახის წევრები, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება და არა გამოყენების საშუალება. ეს ოჯახი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ევროსაბჭო ადგილია, სადაც შეგვიძლია, ჩვენი წარმატებების სიხარული გავაზიაროთ და ამავე დროს ადგილი, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად მოვყვეთ ჩვენი წარუმატებლობის შესახებ…“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის წინაშე ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები დემოკრატიის თვალსაზრისით, თუმცა დასძენს, რომ ევროპულ სტრუქტურებთან ერთობლივი მუშაობით, ამ გამოწვევების დაძლევაც შესაძლებელია:

„დღეს საპარლამენტო ასამბლეაში მე სიამაყით ვაცხადეთ, რომ 2018 წლის არაძალადობრივი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, სომხეთში არავის უცდია არჩევნების გაყალბება. ამ დროის განმავლობაში სომხეთში ჩატარდა ორი საპარლამენტო არჩევნები და ერთი თვითმმართველობის კენჭისყრა.

2018 და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც თავისუფალი, კონკურენტული და დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისი, რაც, თავის მხრივ, ჩვენი ისტორიისთვის უპრეცედენტოა. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებული არც ერთი საპროტესტო აქცია არ გამართულა.

რიგ ოლქებში გაიმარჯვეს ოპოზიურმა პარტიებმა, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო 2018 წლის რევოლუციამდე. სომხეთის პოლიტიკური ცხოვრებიდან გაქრა „პოსტსაარჩევნო პროცესის“ ცნება… მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას პრობლემები არ აქვს…

დღეს სომხეთის რესპუბლიკაში ხელისუფლება ნამდვილად ეკუთვნის ხალხს და დღეს სომხეთი ბევრად დემოკრატიული, დამოუკიდებელი და სუვერენულია, ვიდრე ოდესმე…“

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, ვაშინგტონის შუამავლობით გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე და თქვა, რომ ეს არის ბაქოსა და ერევნის ერთობლივი მუშაობის შედეგი:

„მოხარული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა. არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მხოლოდ სომეხი ერისა და სომხეთის ხელისუფლების დამსახურება. ეს თანაბრად არის აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების დამსახურებაც. ასე რომ არ ყოფილიყო, არც მშვიდობა გვექნებოდა. ეს თანაბრად არის სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების დამსახურება…

მშვიდობა ეს არ არის დასვენების უფლება, ეს არის ყოველდღიური შრომა. მშვიდობას, როგორც ახალშობილს სჭირდება ყოველდღიური ზრუნვა.

დღეს ჩვენს ახალშობილ მშვიდობას, ასე დავარქმევ, ერთი თვე და 22 დღე შეუსრულდა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მასზე და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ის განმტკიცდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend