მთავარისაქართველობიძინა ივანიშვილი: „ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს”

ბიძინა ივანიშვილი: „ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს”

პირველ ოქტომბერს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ , დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯოდმარის, ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოაქვეყნა. ამ წერილში ბიძინა ივანიშვილი  „ქართული ოცნების“ 13 წლიან მმართველობას აჯამებს და აცხადებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სწორი პოლიტიკა აწარმოა.

აღნიშნავს, რომ დასავლეთისგან საქართველოს სუვერენიტეტს იცავენ და არსად ახსენებს, რომ ამ ქვეყნის ოკუპანტი და ისტორიული მტერი რუსეთის ფედერაციაა.

„კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება. რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია, გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმა უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა, კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ. ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

პოლიტიკური შეფასებებისას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები, ბიძინა ივანიშვილის წერილის რიტორიკას იმეორებენ და ამბობენ, რომ ამ პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველო დასავლეთის მარწუხებისგან იხსნა. რითაც, მათივე შეფასებით, ქვეყანას ომი და სუვერენიტეტის დათმობა ააცილეს თავიდან.

„ჩვენ უზრუნველვყავით 13-წლიანი მშვიდობა. ეს არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა 13 წლის წინ არჩევნებისას საქართველოს მოსახლეობას და ეს არის ის, რისი შესრულებაც გვაძლევს შედეგებს ჩვენი ქვეყნის განვითარების მხრივ.

ჩვენი პოლიტიკა არის დიალოგის პოლიტიკა, მათ შორის უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო ასპარეზზეც. სამწუხაროდ, ბრიუსელმა არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ უკრაინის ომთთან დაკავშირებითაც დაგვანახა მისი ხისტი პოზიცია, განსხვავებით აშშ-სგან, რომელიც ცდილობს, მშვიდობა დაამყაროს.

ბრიუსელს აქვს ევროპისთვის არასაკადრისი, უჩვეულო ჩაკეტილობა და ძალის პოზიციიდან საუბრის ტაქტიკა არჩეული საქართველოსთან დაკავშირებით.

სანამ მოლოტოვის კოქტეილის მხარეს იდგება ბრიუსელი, სანამ ამას არ გაემიჯნება, მანამდე იმ ღირებულებითი უფსკრულიდან, სადაც ის იმყოფება, ვერანაირად ამოვა”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯოდმარე შალვა პაპუაშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ არც ბიძინა ივანიშვილი და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერები, აღარ მალავენ, რომ ქვეყანა პირდაპირ გადაიყვანეს რუსულ ორბიტაზე. მათი თქმით, ამ ქვეყნის მთავარი მტერი რუსეთის ფედერაციაა, რომელიც საქართველოში მყოფი მოკავშირე ხელისუფლების წყალობით, ქვეყნის დასავლეთისა და დემოკრატიისგან იზოლირებას ცდილობს.

„დღეს 2025 წლის 1 ოქტომბერია. ზუსტად 13 წლის წინ, ამ დღეს, ქართველმა ხალხმა მკაცრად უთხრა უარი მოძალადე რეჟიმს და უკეთესობის იმედით შეცვალა ხელისუფლება. თუმცა დღეს, 13 წლის შემდეგ, ქართველ ხალხს ისევ უწევს ძალადობასთან და უსამართლობასთან ბრძოლა. ის იდეა, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა 2012 წელს „ქართული ოცნება“ აირჩია, აღარ არსებობს თავად „ქართულ ოცნებაში“. მათ უღალატეს ქართველი ხალხის ნებას და ნდობას. დღეს, როგორც 13 წლის წინ, რეჟიმი ისევ ძალადობს მოქალაქეებზე. დღესაც ადამიანებს უწევთ ბრძოლა მხოლოდ გადარჩენისთვის. ვინც 2012 წელს ყველაზე მეტად ებრძოდა უსამართლობას, დღესაც ამ ბრძოლაშია. ხოლო ისინი, ვინც მაშინ საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობდნენ, დღესაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვიან. 13 წლის თავზე მივიღეთ ქვეყანა, სადაც: სასამართლო აღარ არსებობს; პოლიცია ისევ მოქალაქის წინააღმდეგ მოქმედებს და არა მათ დასაცავად; კორუფცია ანადგურებს ადამიანების ცხოვრებას; ნარკომანია და კრიმინალი მმართველმა თვითმარქვია ხელისუფლებამ გააძლიერა; არჩევნები ისევ ყალბდება დაშინების, მოსყიდვისა და შევიწროების გზით; ადამიანების სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხის ქვეშაა – ქუჩებში, პარკებში, შენობებში. 13 წლის თავზე მივიღეთ ქვეყანა, რომელიც ჩამოშორდა საკუთარ ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი. ჩამოშორდა მეგობრებს და მარტო დარჩა მტერთან. მივიღეთ ქვეყანა, სადაც შობადობა რეკორდულად შემცირებულია, სიკვდილიანობა გაზრდილი, ხოლო ემიგრაცია – კატასტროფულ ნიშნულზე. დღესაც დევნილები უსახლკაროდ, სოციალურად დაუცველები უკიდურეს გაჭირვებაში, პენსიონერები კი ისევ წამლების გარეშე ცხოვრობენ. დღეს საქართველო ორი რადიკალური ძალის “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” ტყვეობაშია. მოქალაქეებს სჭირდება რეალური ალტერნატივა – როგორც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ასევე „ნაც-მოძრაობის“ ამომრჩეველს. ერთი ძალა – „ქართული ოცნების“ სახით – ქვეყანას უკლავს პერსპექტივას, ხალხს აგდებს უიმედობაში და ფულისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ღალატობს საკუთარ ქვეყანას. მეორე ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ – ძალაუფლების დასაბრუნებლად სთავაზობს ქვეყანას რადიკალურ სცენარს და აფერხებს რეალურ ცვლილებას. ნებისმიერი რადიკალური სცენარი, საუბრები დამხობებზე, მოწოდებები ძალადობისკენ , რომელსაც ერთი მხრიდან აანონსებს “ნაციონალური მოძრაობა” და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს “ოცნება”, მიუღებელი და დაუშვებელია. ამას ქვეყანა შეჰყავს გაურკვეველ რისკებში, რომლის დაზღვევის შესაძლებლობა არც ხელისუფლებას, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს. ქართველი ამომრჩეველი არცერთი პარტიის საკუთრება არ არის. დროა, მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, არჩევანი გააკეთონ საქართველოს მომავლის სასიკეთოდ. არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. გვჯერა, რომ ქართველი ხალხი მივა არჩევნებზე და ხმას მისცემს ამ უსამართლობის წინააღმდეგ“,- განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის”წევრმა, ვიკა ფილფანმა.

13 წლის წინ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რამდენიმე პროევროპული პარტიის კოალიციით მოვიდა. მოტივიც ასეთი იყო, რომ საქართველო დაჩქარებული რეფორმებით დაუახლოვდებოდა ცივილიზებულ, დემოკრატიულ დასავლეთს. გახდებოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი და რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურში იქნებოდა. 13 წლის თავზე, საქართველოსა და დასავლურ სამყაროს შორის ურთიერთობა რადიკალურად გაუარესებულია და ევროპული პერსპექტივაც, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend