ჩრდილოეთის ზღვაში, ნორვეგიასა და ბრიტანეთს შორის, ამერიკული ბირთვული ავიამზიდი გამოჩნდა. ავიამზიდი, რომელსაც შეუძლია 90 თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავი ატაროს, ნატოს მასშტაბურ სწავლებაში მონაწილეობდა.
ალიანსის მიერ დაგეგმილი წვრთნები ევროპის ირგვლივ სხვადასხვა ზღვაში წარიმართა და მასში 20-ამდე საბრძოლო ხომალდი, წყალქვეშა ნავები, ავიაცია და 10 -000-ზე მეტი მეზღვაური, ჯარისკაცი და საზღვაო ქვეითი მონაწილეობდა. და რაც საყურადღებოა ოპერაციები მხოლოდ საზღვაო კომპონენტს არ გულისხმობდა.
„როდესაც „ნეპტუნ სთრაიქზე“ ვსაუბრობთ, ბუნებრივია, საზღვაო შესაძლებლობებზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ თუ მრავალპროფილურ ოპერაციებსა და იმას განვიხილავთ, თუ როგორ ვმოქმედებთ ერთობლივი ოპერაციების არეალში, მაშინ ეს მხოლოდ საზღვაო ასპექტით არ შემოიფარგლება. ყველა კომპონენტმა ერთად უნდა იმუშაოს და სწორედ ეს არის ნატოსა და ჩვენი მოკავშირეების ძალა. მაგალითად, ჩემი დანაყოფი იმოქმედებს, რათა შეიქმნას პირობები ერთობლივი ძალების ჩასართავად, იქნება ეს სახმელეთო თუ საზღვაო ძალა. ფაქტობრივად, ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიულად უნდა იყოს დაკავშირებული, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – ამბობს ბრიტანეთის არმიის რეინჯერთა დანაყოფის პირველი ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი გილი.
ავიამზიდის ნატოს წვრთნებში გამოჩენა სიახლე არ არის. ბალტიის ზღვასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსული პროვოკაციების ფონზე მსგავსი მასშტაბის კომბინირებულ მანევრებში თანამედროვე ავიამზიდის მონაწილეობა მხოლოდ ძალის დემონსტრირება არაა. ექსპერტების თქმით, ესაა მკაფიო ოპერატიული სიგნალი, რომ ათობით საბრძოლო ხომალდით, რადარებითა და თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებით აღჭურვილი ავიამზიდი ნატოს წევრი სახელმწიფოების მხარდასაჭერად იქნება გამოყენებული. ჩრდილოეთის ზღვაში ავიამზიდ USS Gerald R. Ford-ის საბრძოლო ჯგუფში წარმოდგენილი იყო აშშ-ის გამანადგურებლები, ასევე ფრანგული ფრეგატი და სხვა ხომალდები.
„ამჟამად, რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ ნატოს შესწევს უნარი, უზრუნველყოს ევროპის საზღვრების უსაფრთხოება. ამ ტიპის სწავლება შესანიშნავი საშუალებაა, რათა ნატოს წევრმა ერებმა თავიანთი ძალა და მზადყოფნა წარმოაჩინონ. მსგავსი მანევრები ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ამგვარ კოალიციურ სწავლებაში ინტეგრირება. ის საშუალებას აძლევს ყველა ხომალდს, მათ შორის ფრანგულ ხომალდებს, აჩვენონ, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების წარმართვის უნარი“, – თქვა ფრანგული ფრეგატის FS Bretagne-ის მეთაურმა, კაპიტანმა სიმონმა.
საზღვაო მანევრების გარდა ფრანგული დანაყოფები აქტიურ სწავლებას გადიან ესტონეთში. მანევრები, რომლებსაც ესტონეთის თავდაცვის ძალები ნატოს მოკავშირეებთან — საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, შეერთებულ შტატებთან, ლატვიასა და კანადასთან — ერთად მონაწილეობენ, მიზნად ისახავს მოკავშირეთა ქვედანაყოფების ესტონეთის ტერიტორიაზე სწრაფ განლაგებას. როგორც ფრანგული ბრიგადის ოფიცერმა და ოპერაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, მოკავშირეები სწავლების ინტენსივობას ზრდიან და პრაქტიკაში ნერგავენ სხვადასხვა კონფლიქტში, მათ შორის უკრაინის ომში მიღებულ გამოცდილებას.