თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი საზღვრის უკანონო კვეთაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. იგივე სასჯელი მიესაჯა შოთა ქარუმიძესაც – მძღოლს, რომელმაც გიორგი ბაჩიაშვილი საზღვარზე გადაიყვანა.
გიორგი ბაჩიაშვილს ე. წ. ბიტკოინების საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 11 წლით პატიმრობა.
„ჩემი ქმედება აუცილებელი მოქმედება იყო, რომ ყველანაირი ზიანი ამერიდებინა თავიდან. ჩემ წინააღმდეგ ყველა პროცესი შურისძიებაა. ჩემი მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებაც ამას ემსახურება“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა სხდომათა დარბაზში.
გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს, 30 სექტემბერს, უნდა იმსჯელოს. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან და მათ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
პროკურატურა ბაჩიაშვილის მშობლებს ედავება, რომ ისინი შვილს „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან“ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დაეხმარნენ. მუხლი, რომლითაც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი, სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
