ჩეხეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა კიდევ ხუთ ქართველ მაღალჩინოსანს. სავიზო და ფინანსური შეზღუდვები ამოქმედდა მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ის „საჯაროდ ამართლებდა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამოყენებას“.
ასევე ჩეხეთმა სანქციები დაუწესა პროკურორ ლაშა კოტრიკაძესა და სამ მოსამართლეს – ნინო გალუსტაშვილს, მიხეილ ჯინჯოლიასა და კობა ჩაგუნავას.
ჩეხეთის დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ ისინი პასუხისმგებელი არიან 2024-2025 წლებში საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა წინააღმდეგ რეპრესიების გატარებაში.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს, მსგავსი შეზღუდვები ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აქვთ გამოყენებული გაერთიანებულ სამეფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკრაინას, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს.
დიპლომატი დასძენს, რომ, ამის მიუხედავად, ევროკავშირში ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს კონსენსუსს იმ პირთა დასანქცირების თაობაზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეხეთი ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო და ფინანსურ სანქციებს უწესებს. მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა დაასანქცირა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მირზა კეზევაძე, ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.
