საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების მიხედვით, ბაჩიაშვილმა 2015-2017 წლებში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თითქმის 9 ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და შემდგომ ლეგალიზაცია მოახდინა.
პროკურატურის მტკიცებით, „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო”.
პროკურატურა ამბობს, რომ 2017-2023 წლებში ბაჩიაშვილმა მშობლების დახმარებით 2.9 მილიონ დოლარსა და 1 მილიონ ლარზე მეტის ლეგალიზება შეძლო. გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას სთხოვს.
