თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ბრიფინგზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც საუბარია მომდევნო წლის მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო ჩატარებაზე.
მისი თქმით, მსგავს საკითხზე სახელისუფლებო პარტიაში საუბარი არ ყოფილა:
„ჩვეულებრივი სისულელეა, არანაირი ვადამდელი არჩევნები. არჩევნები მაშინ იქნება, როცა ამის დრო მოვა. 2028 წელს დაელოდეთ, იქნება საპარლამენტო არჩევნები…“ – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მოქმედი მერი და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ასევე აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
მისივე თქმით, მმართველი პარტია გამორიცხავს ყველანაირ რევოლუციური თუ სახელმწიფო გადატრიალების სცენარს. ამასთან, იგი დასძენს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან იქნება „ძალიან მკაცრი რეაგირება“:
„4 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ვიზეიმებთ გამარჯვებას. არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება…
ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე“.
