გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აღარ ცხოვრობს მშვიდობიანად.
„ჩვენ არ ვართ ომში, მაგრამ არც მშვიდობიანად ვცხოვრობთ. საფრთხე რეალურია“, – თქვა მერცმა პარასკევს, 26 სექტემბერს, ბერლინში გამართულ სამიტზე.
მერცმა არ დაასახელა ქვეყანა, როგორც ამ თავდასხმის უკან მდგომი, მაგრამ ჩამოთვალა მტრული ქმედებების მთელი სპექტრი, რაც მის შეშფოთებას იწვევს.
„საფრთხე რეალურია. თქვენ ამის შესახებ გაზეთებშიც კითხულობთ და ახალ ამბებშიც გესმით: დრონები, ჯაშუშობა, მკვლელობა, მუქარა ცალკეული საზოგადო მოღვაწეების მიმართ, არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპის სხვა მრავალ ქვეყანაშიც. ყოველდღიური დივერსიული აქტები. მონაცემთა ცენტრების პარალიზების მცდელობები. კიბერშეტევები… ჩვენ არ ვართ ომში, მაგრამ აღარც მშვიდობიანად ვართ და ეს ნათლად უნდა გვესმოდეს, თუ გვსურს, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ახლა ვდგავართ. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნად დავრჩებით“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეს კომენტარი გერმანიის „მილიტარისტულ რიტორიკად“ შეაფასა.
„ეს არ არის მხოლოდ მილიტარიზაციის პროცესი, არსებობს რენაციფიკაციის აშკარა ნიშნები. რატომ ხდება ეს? სავარაუდოდ, მიზანი იგივეა, რაც ჰიტლერს ჰქონდა – მთელი ევროპა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს და სცადოს სტრატეგიული მარცხი მიაყენოს. ჰიტლერის შემთხვევაში მას საბჭოთა კავშირის მარცხი სურდა, ხოლო თანამედროვე გერმანიას, ისევე როგორც ევროკავშირისა და ნატოს გუნდის დანარჩენ შემსრულებლებს – უკვე რუსეთისთვის უნდათ”.
ევროპაში საჰაერო სივრცის დარღვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მათ შორის რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ. ნატოს ქვეყნების ნაწილი აცხადებს, რომ ჩამოაგდებენ იმ რუსულ თვითმფრინავებსა და დრონებს, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეს გადაკვეთს.

