მთავარიმსოფლიოNATOნატოს დრონებით წვრთნები ატლანტის ოკეანეში

ნატოს დრონებით წვრთნები ატლანტის ოკეანეში

პორტუგალიის  სანაპიროზე ატლანტის ოკეანეში ნატოს ახალი საბრძოლო პლატფორმები გამოჩნდა. შემოწმდა ულტრათანამედროვე შეიარაღების საბრძოლო ოპერაციებში გამოყენების ეფექტიანობა.

წვრთნების, DYNAMIC MESSENGER-ის, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სხვადასხვა ტიპის უპილოტო სისტემების ნატოს ოპერაციებში ფართოდ დანერგვა და ასევე უპილოტო სისტემების ინდუსტრიებსა და აკადემიურ წრეებთან მეტი ინტეგრაცია იყო.

ნატო ამაღლებს მზადყოფნას, რომ საზღვაო ოპერაციებში მეტი დრონი გამოიყენოს. და რა ტიპის ამოცანებზეა საუბარი?

„წვრთნებში ვმონაწილეობთ და ზღვაში ჩვენს დრონს ვცდით. ნაღმს ვეძებთ. გარკვეულ  ობიექტს უკვე  შევეხეთ,  ახლა უნდა დავადგინოთ, რა ტიპის ნაღმია, ან თუ არაა ნაღმი, რა ობიექტია. ჩვენი დრონი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის შეიძლება გამოიყენოთ. წარმოიდგინეთ კაბელები ან მილები, ჩვენ შეგვიძლია მათი რუკის შედგენა ძალიან ახლო მანძილიდან და რეალურად ამ ობიექტის 3D რუკის შექმნა, ასე რომ, ძალიან ადვილია იმის დანახვა, ვინმემ რამე ხომ არ დააზიანა, მაგრამ ასევე ადვილია ნაღმების პოვნა და იდენტიფიცირება“, – ამბობს ბას ვან ვილიეტი, იგი კომპანია LOBSTER ROBOTICS-ის თანადამფუძნებელია.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა ალიანსისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა თანამედროვე გამოცდილებიდან არანაკლებ მნიშვნელოვანია სადაზვერვო ოპერატიული ინფორმაციის შეგროვება. მზვერავი დრონები უკრაინაში ფართოდ გამოიყენება საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისას და ზოგადად საბრძოლო ამოცანების დასანერგად. პორტუგალიაში მზვერავი დრონების თანამედროვე სისტემებიც გამოჩნდა.

„ესაა ჩვენი ავტონომიური საჰაერო ხომალდი მუდმივი საჰაერო თვალთვალისთვის. ჩვენს პლატფორმას ფრენის დრო 12 საათამდე აქვს და ადვილადაა შესაძლებელი მისი კონფიგურაცია, მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია აღვჭურვოთ იგი სხვადასხვა ელექტრონული სენსორით და ა.შ. ეს მეტ სარგებელს მოუტანს NATO-ს, რადგან რეალურ დროში აძლევს მაღალი ხარისხის მონაცემებს, ეს კი საბრძოლო მოქმედებების ზონაში სიტუაციის კარგ აღქმას უზრუნველყოფს. სხვადასხვა სენსორული დატვირთვით შესაძლებელია ნებისმიერი საინტერესო ობიექტისა და სისტემის იდენტიფიცირება“, – თქვა ფინეთის ოპერაციების ხელმძღვანელმა ონი პავინენმა.

საზღვაო უპილოტო სისტემები ძლიერი საბრძოლო შესაძლებლობებია, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი, უსაფრთხო დისტანციიდან მოქმედების უნარი.  მათი მართვა შესაძლებელია ზღვიდან ან ხმელეთიდან და შეუძლიათ სხვადასხვა ამოცანის შესრულება. როგორც ალიანსის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ,  მუშავდება კიბერ და ელექტრონული ომის სცენარებიც. პორტუგალიაში გამართულ წვრთნებში მონაწილეობდა ალიანსის ის დანაყოფიც, რომელიც პასუხისმგებელია თავდაცვის ინოვაციების დაჩქარებაზე.

„ნატოს თავდაცვის ინოვაციების აქსელერატორი ჩრდილო-ატლანტიკისთვის ალიანსის ოფიციალური სტრუქტურაა და მისი ამოცანა სწორედ ინოვაციების დაჩქარებაა. ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან  პრობლემებს, რომლებიც ალიანსმა გამოავლინა და ვცდილობთ, ვიპოვოთ კომერციული ან ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების სივრცეში არსებული გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრა. ახალი ტექნოლოგიების მოკავშირე სამხედროებისთვის მიწოდებით და სხვა საკითხების გადაჭრით ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ნატოსა და მოკავშირეებს, გაზარდონ ტაქტიკური უპირატესობა, გაძლიერდეს ინოვაციური შესაძლებლობები და, შესაბამისად, კოლექტიური თავდაცვაც“, – ამბობს ემა როუს ბარტონი, რომელიც ციფრული სტრატეგიის მრჩეველია ნატოს თავდაცვის ინოვაციების აქსელერატორში.

უპილოტო სისტემებით პორტუგალიის სანაპირო წყლებში უამრავი სასწავლო მანევრი შესრულდა. წვრთნებში წყალქვეშა დრონებიც შემოწმდა. მანევრებში ჩართული იყვნენ სპეციალურად უკრაინიდან ჩამოსული დანაყოფებიც, რომლებიც საკუთარ ბრძოლაში მიღებულ გამოცდილებას უზიარებდნენ წვრთნებში მონაწილეებს, მათ ასევე წარმოადგინეს არაერთი უკრაინული უპილოტო სისტემა. პორტუგალიის საზღვაო ძალების მიერ ორგანიზებულმა წვრთნამ 24 ქვეყანა გააერთიანა, მანევრებში კი ჯამში დაახლოებით 280  უპილოტო სისტემა შემოწმდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend