კატეგორიები

ტრანსატლანტიკური ვახშამი საქართველოს გარეშე

ტრანსატლანტიკური ვახშამი საქართველოს გარეშე

ნიუ-იორკში, ტრანსატლანტიკური ვახშმის ფორმატში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უმასპინძლა ათობით ქვეყნის ლიდერს. სტუმრებს შორის იყვნენ მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც – ქვეყნების, რომლებმაც მშვიდობას ცოტა ხნის წინ ამერიკის შუამავლობით მიაღწიეს.

ნიუ-იორკში იმყოფებოდნენ, თუმცა არა ამ მიღებაზე ქართული დელეგაციის წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მათი არყოფნა მედიასთან ასე ახსნა:

„პრეზიდენტი იქ სავახშმოდ არ არის ჩასული, არის საქმეზე ჩასული… საქართველოს პრეზიდენტს აქვს თავისი განრიგი, იყო აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეული. ჰქონდა შესაძლებლობა, მათ შორის, მასთან გასაუბრების ისეთ ფორმატში, სადაც ფოტოგადაღება არ ხდება“.

პრემიერი ირაკლი კობახიძე კი კვლავ ელის ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ის შემაფერხებელ ფაქტორად კვლავ ე.წ. „დიფ სთეითს“ ახსენებს, რომელიც, მისი თქმით, ვაშინგტონმა ჯერ ვერ დაამარცხა.

„ზოგადად, როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს „დიფ სთეითი“”.

საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე საქართველო არც ლუქსემბურგის მინისტერიალზე მიუწვევიათ. იქ თბილისი ელჩის დონეზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ „არასერიოზული დამოკიდებულება“ უწოდა.

მსგავს მიდგომებს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის შედეგს უწოდებენ ოპოზიციაში. მათი თქმით, თბილისი სულ უფრო შორდება დასავლურ ცივილიზაციას და დგება საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე.

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში ქართული დელეგაცია ნიუ-იორკში იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა სლოვაკეთისა და სერბეთის პრეზიდენტებს.

მარკო რუბიოს მოწვევით გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე არა, თუმცა დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე მიხეილ ყაველაშვილი შეხვდა ამერიკის ვაჭრობის მდივანს. პრესსამსახურის თანახმად, ყაველაშვილმა მას უთხრა, რომ მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით აჩენს კითხვებს, იმ ფონზე, როცა, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ღირებულებითი თანხვედრა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები