გერმანიის ელჩის შემდეგ საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, გარეტ უორდიც, დაიბარეს. მას არც საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე და არც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გარეტ უორდი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
გუშინ, 24 სექტემბერს, უწყებაში დაიბარეს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერიც. დიპლომატიური უწყების გადაწყვეტილებას მან „მეგობრულ სახელმწიფოებს შორის უჩვეულო ნაბიჯი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა“.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამეორებულია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რომელთა თანახმადაც, ელჩი საქართველოში „რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას“ უწყობს ხელს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყებამ კატეგორიულად დაგმო „აგრესიული რიტორიკა“, რომელსაც „ქართული ოცნება“ გერმანიის ელჩის მიმართ იყენებს.