კატეგორიები

განათლების სამინისტროსთან ნინო დათაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

განათლების სამინისტროსთან ნინო დათაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

განათლების სამინისტროსთან ნინო დათაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სამინისტროსთან შეკრებილებმა, უპირველესად მასწავლებლებმა, კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა კოლეგას, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია, პატიმრობაშია.

„მიზეზი, რატომაც ნინო დათაშვილი ამ დრომდე პატიმრობაშია, მისი სამაგალითო დასჯაა. მგონია, რომ ამ ქვეყანაში ყველას განგაშის განცდა უნდა გვქონდეს, რომ ყოველი დღე უფრო და უფრო სახიფათოა ჩვენი მომავლისთვის. და ამ დროში სოლიდარობა და თანადგომა უმნიშვნელოვანესია. ეს აქციაც თანადგომის აქტია, რათა მასწავლებლები გავერთიანდეთ და ნინოს ჩვენი თანაგრძნობა ვაჩვენოთ“, – ამბობს მასწავლებელი მარიამ სამუშია.

აქციის მონაწილეები საუბრობენ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც.

„ადამიანი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და პრინციპულად არ გადაჰყავთ საავადმყოფოში. ვფიქრობ, ეს მართლა განსაკუთრებული შურისძიებაა მისდამი, როგორც კარგი მოქალაქის, სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და ქალისადმი“, – ამბობს პედაგოგი თეონა ბექიშვილი.

განათლების სამინისტროსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მოგვიანებით მსვლელობით გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან, სადაც 300 დღეზე მეტია, უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამო 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას ედავება. მუხლი სასჯელის ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები