მთავრობის წარმომადგენლები თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. სამგორის პარკში, მეფე ერეკლე მეორეს ძეგლის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
„ქართული ოცნების” წევრებმა მეფე ერეკლეს პოლიტიკაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მან საქართველოში მშვიდობისთვის ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგა.
სკულპტურის განთავსება თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. ძეგლის შექმნაში რვა მოქანდაკე მონაწილეობდა.
„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს სახელოვან მეფეს, რომლის საბრძოლო ნათლობა 14 წლის ასაკში, ქიზიყში, ნეიშინის ველზე შედგა, სადაც მან ქიზიყელების რაზმთან ერთად პირველი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა. სწორედ იქ შეარქვა ხალხმა ჯერ კიდევ უწვერულვაშო, მაგრამ მტრისთვის თავზარის დამცემ უფლისწულს პატარა კახი. ჩვენ დღეს ძეგლს ვუდგამთ ჩვენს სასიქადულო მეფეს, რომელიც მშობლიური თელავის შემდეგ ზუსტად ნახევარი საუკუნის განმავლობაში ელოდა ამ დღეს.
ერეკლე მეფის დაბადებიდან სამი საუკუნის განმავლობაში ყველა ნამდვილი ქართველი ეთაყვანებოდა და პატივს მიაგებდა მეფეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩა, როგორც სიმბოლო ბრძოლისა, გმირობისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა და შენებისა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
