მთავარიმსოფლიოNATOნატოს გაზრდილი სადაზვერვო მისია

ნატოს გაზრდილი სადაზვერვო მისია

ნატოს „ავაქსი” – საჰაერო შეტყობინების, კონტროლისა და მართვის სისტემით აღჭურვილი სპეციალური თვითმფრინავი – უკვე აღმოსავლეთ ევროპის საჰაერო სივრცეშია.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ვებგვერდიდან ცნობილი ხდება, რომ ოპერაცია Eastern Sentry-ის ფარგლებში პირველი ფრენა რამდენიმე დღის წინ,  19 სექტემბერს, შესრულდა. საჰაერო სივრცის კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება – აღმოსავლეთ ევროპაში  რუსული დრონების გამოჩენის შემდეგ  ალიანსმა უსაფრთხოების საგანგებო  ზომები მიიღო.

„ჩვენი მისია ოპერაცია Eastern Sentry-ის  მხარდაჭერაა. ეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ უკეთესი ინფორმაციის მისაღებად სამხედრო ოპერაციის საწყისი ფაზაა.  ნატოს AWACS-ს უნიკალური შესაძლებლობა აქვს. მას შეუძლია დროული გაფრთხილება დაბალ სიმაღლეზე მფრინავი სამიზნეების შორ მანძილზე აღმოჩენის წყალობით. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალას აღმოსავლეთი ფლანგის გასწვრივ. ნატოს AWACS ხელს უწყობს ნატოს ალიანსის შეკავების შესაძლებლობას და თავდაცვას იმ დროული გაფრთხილების სისტემით, რომელიც ჩვენს უნიკალურ პლატფორმას აქვს; მოგვიანებით  მოკავშირეებს ვუზიარებთ ინფორმაციას, რათა შეიქმნას საერთო საჰაერო სურათი და მათ პოტენციური საფრთხეებისათვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ“, – ამბობს ნატოს საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის ძალების ოფიცერი, ოპერატიული ფრთის მეთაურის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი მაიკლ ბი.

ნატოს საჰაერო შეტყობინების, კონტროლისა და მართვის სისტემით აღჭურვილი სპეციალური თვითმფრინავები 10 კილომეტრ სიმაღლეზე ოპერირებენ. ერთ AWACS-ს 400 კილომეტრზე მეტი რადიუსით შეუძლია, აკონტროლოს საჰაერო სივრცე და რეალურ დროში მიაწოდოს მართვის ცენტრებს ოპერატიული ინფორმაცია. ნატოს საჰაერო სივრცეში მფრენ E-3A-ს შეუძლია, განასხვაოს სამიზნეები, ასევე სახმელეთო ანარეკლები და აღმოაჩინოს პოტენციური აგრესორის ტერიტორიაზე დაბლა ან მაღლა მფრინავი საჰაერო საშუალებები.  რუსული დრონების ინციდენტმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აიძულა, უსაფრთხოების მიზნით სხვადასხვა ტიპის სამხედრო ამოცანები დაეგეგმა. ალიანსის წევრი ქვეყნების გამანადგურებლებით უკვე გაძლიერდა საჰაერო სივრცე.  ახლა უკვე საჰაერო სივრცის სადამკვირვებლო მისიაც იზრდება.

„ჩვენ აქ ვართ, რათა შევაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც  ალიანსის საჰაერო სივრცეში შესაძლოა შეიქმნას.  შემდეგ მათ მივაწვდით ჩვენს მოკავშირეებს, რათა შეძლონ რეაგირება ყველა შესაძლო საფრთხეზე. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩვენ ამ სადამკვირვებლო მისიებს აღმოსავლეთ ფლანგზე თითქმის ყოველდღე ვასრულებთ. ამჟამად, ახალი სტრუქტურის პირობებში, თანამშრომლობა ახალ დონეზეა. ამ თვის დასაწყისში რუსულმა დრონებმა ნატოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს. დღეს ჩვენ ვასრულებთ AWACS-ის პირველ მისიას ახალი სამხედრო ოპერაცია „აღმოსავლეთის გუშაგის“ მხარდასაჭერად. ეს სადამკვირვებლო მისიაა აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთის თავზე“, – თქვა ნატოს ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა ვიცე-პოლკოვნიკმა კრისტიან ბრეტმა.

ნატომ რუსეთი უკვე გააფრთხილა, რომ ყველა ზომას მიიღებს, საჰაერო სივრცის დასაცავად…  კითხვაზე, ჩამოაგდებენ თუ არა საეჭვო თვითმფრინავს, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ თქვა, რომ ეს დამოკიდებული იქნება რამდენიმე საკითხზე, მათ შორის  თვითმფრინავის მიერ წარმოქმნილი საფრთხის შესახებ მიღებულ ინფორმაციაზე.

ალიანსის საბრძოლო ავიაცია კი აღმოსავლეთ ევროპაში პატრულირებას აგრძელებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend