მთავარიმსოფლიოUNITED NATIONS„მისი მოთმინება არაა უსაზღვრო” - ტრამპის შეცვლილი ტონი რუსეთისა და უკრაინის მიმართ

„მისი მოთმინება არაა უსაზღვრო” – ტრამპის შეცვლილი ტონი რუსეთისა და უკრაინის მიმართ

დონალდ ტრამპის სიტყვებს კიევში სიფრთხილით შეხვდნენ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის ცვალებადი ხასიათი კარგად გაიცნეს. მიუხედავად ამისა, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ უკრაინისთვის ტერიტორიების დაბრუნების, ომის მოგებისა და ამაზე უფრო შორს წასვლის ტრამპისეულმა პერსპექტივამ ბევრი გაახარა. ბევრი, თუმცა არა ყველა.

„მე არ ვთვლი, რომ დონალდ ტრამპი პროუკრაინელი პოლიტიკოსია. ისაა ადამიანი, რომელიც მხოლოდ ფულითაა დაინტერესებული. სამწუხაროდ, ჩვენ მუდმივად ველოდებით პასუხებს დონალდ ტრამპის სიტყვებში. მას კი ბევრი შეუძლია, სრულიად განსხვავებული რამ თქვას ყოველ ჯერზე, რომ მხარს უჭერს უკრაინას, ან არ უჭერს მას მხარს”, – ამბობს ვოლოდიმირ ჩესლავსკი, სამხედრო მოსამსახურე.

კიევის მცხოვრები ოლჰა ვორონინას თქმით, „სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვჭირდება ამერიკისგან, დონალდ ტრამპისგან და იმედია, ეს მომავალშიც გაგრძელდება – იგივე რიტორიკა და იგივე განწყობა უკრაინის მიმართ”.

„მე მჯერა, რომ შევძლებთ, უკან დავახევინოთ ტერორისტებს. მე მჯერა, ჩვენი შეიარაღებული ძალების და იმის, რომ მათ ეს ძალუძთ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ნატოსა და ევროპის დახმარების გარეშე, თუ ტრამპი ამ სიტუაციაზე გავლენას მოახდენს, ეს რეალისტური იქნება”, – ამბობს კიევში მცხოვრები, ანნა ხუდიმოვა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ უკრაინას საკუთარი ტერიტორიების სრულად დაბრუნების შანსი არ ჰქონდა. თუმცა ამჯერად წერს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის სამხედრო და ეკონომიკური ფაქტორები კარგად შეისწავლა და სხვა დასკვნები გამოიტანა. დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით თვლის, რომ უკრაინისთვის ახლა მოქმედების დროა.

„რუსეთისთვის მიყენებული ეკონომიკური პრობლემების დანახვის შემდეგ ვფიქრობ, რომ უკრაინა ევროკავშირის მხარდაჭერით არის იმ პოზიციაზე, რომ იბრძოლოს და მოიგოს, დაიბრუნოს უკრაინა უკან, მისი თავდაპირველი ფორმით. დროსა და მოთმინებასთან ერთად ასევე ევროპის, კერძოდ, კი ნატოს მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, რითაც ეს ომი დაიწყო, საკმაოდ წარმოსადგენია. რატომაც არა? რუსეთი სამწელიწად-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. რეალურად ეს მათ „ქაღალდის ვეფხვად” წარმოაჩენს.  უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და ვინ იცის, შეიძლება უფრო შორსაც წავიდნენ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, აშშ-ის პრეზიდენტმა.

ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მოსკოვში ფიქრობენ, რომ სწორედ ამაშია საქმე, რომ ტრამპი ზელენსკის მონათხრობის გავლენის ქვეშ მოექცა. „ქაღალდის ვეფხვთან” შედარება კრემლში არ მოეწონათ, სურთ კვლავ ძლევამოსილ დათვთან ასოცირდებოდნენ.

„როგორც გვესმის, პრეზიდენტი ტრამპის განცხადება გაკეთდა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ჩანს, სწორედ იმ ხედვის გავლენის ქვეშ, რომელიც მას ზელენსკიმ გაუზიარა, ეს კი ჩვენი წარმოდგენისგან კონტრასტულად განსხვავდება. ამერიკულ მხარეს პოზიციებს ჩვენც გავაცნობთ, როდესაც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელ კოლეგას შეხვდება ნიუ-იორკში – გენერალურ ასამბლეაზე. ეს ომი არაა უაზრო, ამით ჩვენს ინტერესებს ვიცავთ და ვხსნით პირველად მიზეზებს. რუსეთი ვეფხვი არ არის, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება, „ქაღალდის დათვები“ არ არსებობენ – რუსეთი კი ნამდვილი დათვია”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

თუ აშშ-ის პრეზიდენტის განწყობა შენარჩუნდა, უკრაინას ფრონტის ხაზზე მეტის მიღწევის შანსები შეიძლება გაუჩნდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უშიშროების საბჭოზე ჩამოთვალა ის შესაძლებლობები, რომლებიც დონალდ ტრამპის წინაშე დგას და მათი გამოყენებისგან არც ისე შორია.

„პრეზიდენტი მოთმინებით სავსე ადამიანია, მას მშვიდობა სურს, მაგრამ მისი მოთმინება არაა უსაზღვრო. არაერთხელ უთქვამს, რომ აქვს ბევრი შესაძლებლობა და არჩევანი, თუ საჭიროა დამატებითი ეკონომიკური ფასის დასაკისრებლად რუსეთის ფედერაციაზე, რათა ეს ყველაფერი დავასრულოთ. მას ასევე შეუძლია გაყიდოს თავდაცვითი ან თავდასხმითი იარაღი იმისთვის, რომ უკრაინამ დაიცვას თავი ამ შეიარაღების შესყიდვით. ჩვენ ერთგული ვართ მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნაზე, თუმცა დადგება მომენტი, როდესაც დავინახავთ, რომ არ არსებობს ნება მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. მოვუწოდებ უშიშროების საბჭოს წევრებს და არაწევრებსაც, ეს ეხება რუსეთსაც და უკრაინას, რომ გააკეთონ ყველაფერი ომის დასასრულებლად”, – თქვა მარკო რუბიომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

თავად ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 24 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აპირებს სიტყვით გამოსვლას, მანამდე კი მას მოუსმინეს უშიშროების საბჭოზე, სადაც მთავარ გზავნილებზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენი თავის გარდა ვერავინ მოგვცემს უსაფრთხოების გარანტიას. უსაფრთხოების გარანტიაა მხოლოდ ძლიერი ალიანსები, ძლიერი პარტნიორები და ჩვენი საკუთარი იარაღი. XXI საუკუნე დიდად არ განსხვავდება წარსულისგან. თუ სახელმწიფოს მშვიდობა სურს, მას იარაღი სჭირდება.  ეს საშინელებაა, მაგრამ რეალობაა.

არც საერთაშორისო სამართალი, არც თანამშრომლობა – მხოლოდ იარაღი წყვეტს, ვინ გადარჩება. თქვენ შესანიშნავად იცით, რომ საერთაშორისო სამართალი სრულად ვერ მუშაობს, თუ არ გყავს ძლიერი მეგობრები, რომლებიც ნამდვილად მზად არიან, ის დაიცვან. მაგრამ არც ეს მუშაობს იარაღის გარეშე. ეს საშინელებაა, მაგრამ ალტერნატივა კიდევ უარესია.

უკრაინელები მშვიდობისმოყვარე ხალხია, მაგრამ ისინი არიან ადამიანები, რომელთაც სურთ იცოცხლონ – იცხოვრონ თავისუფლად, დამოუკიდებელ ქვეყანაში. ამიტომ ვდებთ ინვესტიციას თავდაცვაში. ბევრი ერისთვის სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს. ისინი შესაძლოა მსგავსი ტრიბუნებიდან საუბრობდნენ ტკივილზე, მაგრამ მაშინაც კი, როცა სისხლი იღვრება, არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუცია, რომელიც რეალურად  ამის შეჩერებას შეძლებს. აი, ასეთებად იქცნენ ეს ინსტიტუტები და სანამ რუსეთის ომი უკრაინაში გრძელდება, ხალხი კვლავ იღუპება. ზავი არ არსებობს – რადგან რუსეთი უარს ამბობს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იმავე საბჭოზე რუსეთის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მათ წინააღმდეგ წარმოდგენილი ბრალდებები რუსოფობიული ისტერიით იყო ნაკარნახევი და ამ მხრივ მთავარ აქტორად ბრიუსელი და „ომის პარტია” დაასახელეს. ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად საუბრისთვის ემზადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სერგეი ლავროვი უკვე ნიუ-იორკშია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend