კატეგორიები

„მეგობრულ სახელმწიფოებს შორის უჩვეულო ნაბიჯი“ – პეტერ ფიშერი საგარეო სამინისტროში დაიბარეს

„მეგობრულ სახელმწიფოებს შორის უჩვეულო ნაბიჯი“ – პეტერ ფიშერი საგარეო სამინისტროში დაიბარეს

ევროპელი დიპლომატებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ მმართველი პარტიის საჯარო განცხადებები უფრო ხმამაღალი და კრიტიკული ხდება.

„ქართული ოცნების“ ქმედებები უკვე გასცდა მხოლოდ განცხადებების დონეს. 24 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. დიპლომატიური უწყების გადაწყვეტილებას მან „მეგობრულ სახელმწიფოებს შორის უჩვეულო ნაბიჯი“ უწოდა.

„ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად დაიბარეს გერმანიის ელჩი საგარეო უწყებაში. შეხვედრაზე მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა ელჩების მიმართ. დავგმობ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა.

გერმანიის ელჩის დაბარებას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება იმეორებს „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატი ხელს უწყობს „ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისებას“:

„შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.

ასევე შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა.

ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების  საფუძვლებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა  და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად“.

რადიკალიზაციის გაღვივების გარდა პრემიერი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს ბრალს სდებს, მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლასა და ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაში.

„ეს არის დიპლომატიური ღონისძიება, ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა… ზოგადად, მინდა, შეგახსენოთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩის დაბარებას რამდენიმე საათით ადრე წინ უძღოდა ევროპელი დიპლომატების შესახებ მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებები. „ქართულ ოცნებაში“ არ მოსწონთ არც ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც „საბავშვო ბაღის დონისას“ უწოდებენ და არც რეკომენდაციები, რაც მათთვის „საბჭოურ მიდგომად“ აღიქმება.

პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი მწვავე შეფასება მოჰყვა ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. დიპლომატი ამბობდა, რომ სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ქუჩაში გამოდის ევროპული ღირებულებების დასაცავად.

„არა უშავს, ბრიუსელი თუ რამეს ვერ დაინახავს, ისევ თავის თავს აზიანებს. ვხედავთ იმ მართლაც საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი ბრიუსელი აწარმოებს. ვხედავთ, რა დამოკიდებულებები აქვთ ბრიუსელის მიმართ დიდ სახელმწიფოებს და შემდეგ პატარა სახელმწიფოზე ცდილობენ, რომ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილონ…“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ კრიტიკის საპასუხოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს ევროპის 27 ქვეყნის საელჩოების სახელით. განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ დიპლომატების ვალია, შეხვდნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რაც სრულად შეესაბამება ვენის კონვენციას.

არც ოპოზიციისთვის არის პრობლემა დიპლომატებსა და ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრების გამართვა. ამ საკითხს „ქართული ოცნების“ ოპონენტები უწოდებენ ქვეყნის განვითარებისა და კონკრეტული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საჭირო ნაბიჯს.

მმართველ პარტიასა და ევროპელ დიპლომატებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გაუარესდა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ. საქართველოს ევროპელმა პარტნიორებმა დაგმეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელიც მათი თქმით, ქვეყანას მნიშვნელოვნად აშორებს ევროინტეგრაციისგან. თუმცა 2024 წლის 28 ნოემბრამდეც, თითქმის ორწლიწად-ნახევრის განმავლობაში, ხელისუფლების ლიდერები არაერთხელ ადანაშაულებდნენ კონკრეტულ ელჩებს ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნისა და საქართველოს ე.წ. „ომში ჩათრევის“ მცდელობაში. ელჩებთან ერთად ამ ბრალდების სამიზნე იყო და რჩება ე.წ. „დიფ სთეითიც“.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები