კატეგორიები

უწყვეტი პროტესტის 300 დღე

უწყვეტი პროტესტის 300 დღე

300 დღე გავიდა საქართველოში უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან.

23 სექტემბერს მოქალაქეები სიმბოლურად 300 არაგველის მემორიალთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათ მსვლელობით გადაინაცვლეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც ევროინტეგრაციის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა.

დემონსტრანტებმა გაიხსენეს 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე განვითარებული პროცესები. მათი თქმით, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია კონსტიტუციის გზიდან და უგულებელყო ქართველი ხალხის არჩევანი, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი.

მოქალაქეები ასევე გამოეხმაურნენ ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. მათი შეფასებით, მმართველი პარტიის მიზანი პროტესტის გაჩერება და კრიტიკული აზრის ჩახშობაა. უწყვეტ პროტესტს უკვე მე-300 დღეა, უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

პროევროპული პროტესტი საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. ის მოჰყვა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

იმავე დღეს რუსთაველის გამზირი პროტესტის მთავარ კერად იქცა. პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ე.წ. „წიწაკის სპრეი“, ასევე ფიზიკური ძალა.

პროევროპული დემონსტრაციების ფარგლებში სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს ათობით პირი. მათ საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი უკვე გამოაცხადა. მსჯავრდადებულთა შორის არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათი კოლეგები კი ყოველდღიურად, ქუჩიდან უჭერენ მხარს პატიმრობაში მყოფ პირებს და ამბობენ, რომ იცავენ საქართველოს დამოუკიდებელ, ევროპულ მომავალს.

უწყვეტი პროტესტის 300 დღის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა პოლიტიკურ დონეზეც. საკადრო ცვლილებების შედეგად, თანამდებობები დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასევე ძალოვანი უწყებების სხვა მაღალჩინოსნებმაც.

ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის მიზეზით, მათ ნაწილს სავიზო და ფინანსური შეზღუდვები დაუწესეს ევროპულმა ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ზოგიერთმა სახელმწიფომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუჩერა დიპლომატებისთვის განკუთვნილი უვიზოდ მიმოსვლის წესი.

უწყვეტი პროტესტის 300 დღის შემდეგაც მოქალაქეთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებული პირები.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები