საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანახმად: „რუსული კანონის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს”.
ეს გულისხმობს სასამართლოსთვის კანონის ამოქმედების შემდეგ განვითარებული ყველა პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.
საიას განმარტებით, საუბარია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის შექმნილ, მათი შეფასებით, გაუარესებულ და რეპრესიულ გარემოზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანახმად, ხელისუფლების ხელში ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის რეალური მიზანი არის დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების გაჩუმება.
„„ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შევიდა 2024 წლის 17 ოქტომბერს. მოსარჩელე 120 არასამთავრობო, 16 მედიაორგანიზაცია და 4 ფიზიკური პირია.
საჩივრის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაიწყო. სასამართლომ უკვე მიიღო სახელმწიფოს პასუხი საჩივართან დაკავშირებით. შემდეგ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრებების სასამართლოში წარდგენა და მომჩივნების წერილობით არგუმენტაციაზე პასუხის გაცემა.
ქართული ორგანიზაციები სტრასბურგის სასამართლოში დავობენ, რომ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კონკრეტულ მუხლებს. კერძოდ, დასახელებულია გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებისა და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების მუხლები”.
სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. ამასთან, როგორც საია წერს, სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს.
