კატეგორიები

„„ქართულ ოცნებას” თამაშგარე მდგომარეობაში ხელოვნურად ამყოფებდნენ” – შალვა პაპუაშვილი

„„ქართულ ოცნებას” თამაშგარე მდგომარეობაში ხელოვნურად ამყოფებდნენ” – შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ გუნდის სახელით საერთაშორისო აქტორებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მორიგ ჯერზე მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ვრცელ წერილში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ელჩებსა და უცხოელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ ამჯერად მაინც აღიარონ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი. მისი თქმით, დიდი ალბათობით „ქართული ოცნება“ მაღალი უპირატესობით გაიმარჯვებს.

ამ წერილშიც შალვა პაპუაშვილმა ტრადიციულად გააკრიტიკა საქართველოს დასავლელი პარტნიორები და მათ ჩვენს ქვეყანაში, არეულობის მხარდაჭერაში კვლავ დასდო ბრალი.

„უკვე თითქმის ერთი წელია, ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. თუმცა, ნაცვლად ჩიხში შეყვანისა, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას. რადგან უცხოელებმა ასე ღიად დაუკავშირეს თავი ოპოზიციას, მათ ოპოზიციის მარცხის საკუთარ მარცხად მიღებაც მოუწიათ. არჩევნების უარყოფის პოლიტიკამ წარმოშვა მანკიერი წრე, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. ეს არჩევნები შეცდომების აღიარებისთვისაც შესაფერის მომენტს წარმოადგენს. მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია, გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახალხო ლეგიტიმაციის მიმართ და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას“, – წერს პაპუაშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შალვა პაპუაშვილი აგრძელებს ეპისტოლურ ჟანრში დასავლელი პარტნიორების უსაფუძვლო კრიტიკას, რაც საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ცივილიზებული სამყაროსგან. ეს კი მათი თქმით, „ქართული ოცნების“ გამიზნული ავტოკრატიული პოლიტიკის ნაწილია.

„„ქართულ ოცნებასა“ და მის მესვეურებს ძალიანაც ადარდებთ ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ გვახსოვს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ანგაჟირებული, ტანსაცმლიდან ამომხტარი, როდესაც ემანუელ მაკრონმა წამით უბრალოდ ხელი წამოარტყა. ჩვენ გვახსოვს არაერთი განცხადება იმავე ე.წ. პრემიერ-მინისტრის, რომელიც ითხოვდა „გვესაუბრეთო“. მათ წამოსცდებათ ხოლმე ძალიან ხშირად და ჩანს ძალიან ბევრ ქმედებაში, რომ ძალიანაც ადარდებთ საერთაშორისო ლეგიტიმაცია და განსაკუთრებით ადარდებთ ის ეკონომიკური სახელმწიფო შემოსავალი, რაც ახლავს ამ ლეგიტიმაციას და ურთიერთობების ნორმალიზებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ თავისი პირობებით მოახდინონ როგორმე ნორმალიზება სიტუაციის. ეს არის მათი ოფიციალური პოლიტიკა. მათ არ სურთ, სწორად მოიქცნენ, მაგრამ ცდილობენ, რომ საკუთარი პირობებით, საკუთარი წესებით ეთამაშონ პოლიტიკურ დასავლეთს. სწორედ ამიტომ არ გამოსდით და არც გამოუვათ არაფერი”, – ამბობს „ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრი გრიგოლ გეგელია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა, უცნობია, გამოეხმაურება თუ არა რომელიმე ელჩი შალვა პაპუაშვილის ამ ვრცელ წერილობით განცხადებას.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები