კატეგორიები

ირაკლი კუპრაძე: „„ლელოს” კანდიდატებზე „ქართული ოცნება” სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებს”

ირაკლი კუპრაძე: „„ლელოს” კანდიდატებზე „ქართული ოცნება” სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებს”

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა და ამავე პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლნისის მერობის ყოფილ კანდიდატზე, ასეფ ჩირაგოვზე, მმართველმა პარტიამ ზეწოლა განახორციელა, რის შემდეგაც მან კანდიდატურა მოხსნა.

მისივე თქმით, ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობა ხშირად ხორციელდება „ლელო – ძლიერი საქართველოს” კანდიდატებსა და წევრებზე.

„გუშინ, პროპაგანდისტულმა „ქართულმა ოცნებამ“, რომლის ძირითადი პოლიტიკური აქტივობა პროპაგანდაზე დგას, სიახლე გამოაქვეყნა, თითქოს, ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასეფ ჩირაგოვმა კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა. ასეფ ჩირაგოვი წლების განმავლობაში იყო ჩვენი პარტიის, „ლელოს“ წევრი, ის წლების განმავლობაში ბოლნისიდან დადიოდა საპროტესტო აქციებზე, მათ შორის, ახერხებდა ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივ ჩამოყვანას, აქტიურობას, ჩართულობას საპროტესტო აქციებში.

4 დღის წინ ასეფ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, შეხვდა და გზავნილი გადმოგვცა, რომ მასთან მისი უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი იყო მისული, რომელმაც მას თანხის დასახელება შესთავაზა კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ასეფ ჩირაგოვის პასუხი უარყოფითი იყო, მისი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ იყო და სავარაუდოდ, რჩება კრიტიკული. მას „ქართული ოცნება“ რუსულ რეჟიმად მიაჩნია და გაგვაფრთხილა, რომ „ქართული ოცნება“ სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს. 4 დღის შემდეგ ასეფ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა.

ცხადია, უნდა ვივარაუდოთ, როცა მოსყიდვის მცდელობამ არ იმუშავა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ, შემდეგ ჩაერთო ბევრად უფრო ძალადობრივი, ბევრად უფრო მძიმე წნეხი, ან შანტაჟის მცდელობა ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ზეწოლამ იმუშავა, უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონებში განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ზეწოლა, წნეხი, სუსის შანტაჟი ბევრად უფრო მძიმეა. ჩვენ ველოდებით კიდევ შანტაჟის, მუქარის გაგრძელებას ჩვენს წევრებზე, მაგრამ ასევე ცხადად ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას არც ერთი მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება””, – აცხადებს კუპრაძე.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასეფ ჩირაგოვმა სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ  საკუთარ კანდიდატურას „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ზამურ ჭითანავას, სასარგებლოდ ხსნის.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები