გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველო ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს“ და იგი „სხვადასხვა წელს განათლების მინისტრად და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად მუშაობდა“.
„ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე მუშაობდა მკვლევრად და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.
ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.
2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
