პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 4 ოქტომბერს კანონის დარღვევის შემთხვევაში „ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას“.
მისი მტკიცებით, უცხოეთიდან დაფინანსებული პირებისა და ორგანიზაციების მიზანი საქართველოში „რევოლუციური პროცესების“ განვითარებაა. მისივე განცხადებით, მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები „სრულ მზადყოფნაში არიან“ ნებისმიერი კანონდარღვევის აღსაკვეთად:
„კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მთავარია, კანონის დარღვევაზე არავინ იფიქროს. თუ ვინმეს მაინც დაუცდება ხელი, ნახავენ მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას. არავის არ ვურჩევ ამას. რეალურად თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ…“
პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე ძალოვან უწყებებში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. მათ შორის თანამდებობები დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ხარაზიშვილმა.
ასევე არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი ქმედებების გამო რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
