მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორშაბათს, 22 სექტემბერს, 250 რეიდი ჩაატარა და ათობით ადამიანი დააკავა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სავარაუდო შეთქმულების გამოძიების ფარგლებში. დაკავებულია 74 პირი „მასობრივი არეულობის წაქეზებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის” ბრალდებით.
კვირას, 28 სექტემბერს, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ბევრი ამ არჩევნებს განიხილავს გადამწყვეტ ფაქტორად, გააგრძელებს მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზას, თუ რუსეთთან დაამყარებს მჭიდრო კავშირს. მოლდოვის პოლიციამ განაცხადა, რომ არეულობის ორგანიზების გეგმა „კოორდინირებული იყო რუსეთის ფედერაციიდან კრიმინალური ელემენტების მეშვეობით“. მოლდოვის პროდასავლური პრეზიდენტმა მაია სანდუმ ორშაბათს ჩატარებული რეიდის შემდეგ განაცხადა, რომ კრემლი „ასობით მილიონ ევროს“ ხარჯავდა არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობისთვის.
„დღეს სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მთლიანობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშაა. კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს დნესტრის ორივე ნაპირზე და მის ფარგლებს გარეთ ასობით ათასი ხმა რომ იყიდოს. ასობით ადამიანს უხდიან არეულობის, ძალადობის პროვოცირებისა და მსოფლიოს დაშინების მიზნით. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, არ შეეგუონ ქვეყნის კაპიტულაციას უცხო ქვეყნის ინტერესების წინაშე. ჩვენი ეროვნული ინტერესებია მშვიდობა, თავისუფლება და ეკონომიკური განვითარება.
თუ რუსეთი მოლდოვას დაიპყრობს, შედეგები პირდაპირი და საშიში იქნება ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის. ყველა მოლდოველი დაზარალდება, მიუხედავად იმისა, ვის მისცა ხმა. ევროპა მოლდოვასთან საზღვარზე დასრულდება. ევროპული სახსრები პრუტის მდინარესთან გაჩერდება. გადაადგილების თავისუფლება შეიძლება შეწყდეს. ჩვენი მიწა შეიძლება ოდესის რეგიონში შეღწევის პლაცდარმად იქცეს. დნესტრისპირეთის რეგიონი დესტაბილიზებული იქნება. ეს მათი გეგმებია და ისინი ღიად აცხადებენ მათ შესახებ“, – განაცხადა მაია სანდუმ