მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეული იწყება.
პალესტინის საკითხი, ირანის წინააღმდეგ სანქციები, რუსეთის ომი უკრაინაში, ასევე გლობალური კლიმატური და ჰუმანიტარული კრიზისი – ეს დღის წესრიგში მთავარი თემებია.
საქართველოს წელს ამ მნიშვნელოვან ტრიბუნაზე მიხეილ ყაველაშვილი წარადგენს. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან და დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის, სახელით იმართება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს სიმართლეს გააცნობს. მათივე თქმით, პრეზიდენტის გზავნილი ვაშინგტონსაც შეეხება – საქართველო მზადაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს.
„მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება გამოსვლას, აქცენტი გაკეთდება არსებულ ვითარებაზე. საქართველო არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, რომ ორმხრივი, მეგობრული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან არის უმნიშვნელოვანესი“, – ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.
გაეროში გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებები განსხვავებულია.
„არ ვიცი, რა გზავნილების შემცველი იქნება ყაველაშვილის განცხადება. ალბათ კრემლის იმპერიალისტური ნარატივებისა და შაბლონური, არაფრისმომცემი ფრაზების მიქსი იქნება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ალბათ კობახიძის წინა კრახის შემდეგ წასვლა არც სურდა. ამიტომაც დაეკისრა ეს ფუნქცია ყაველაშვილს“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
ბოლო წლებში საქართველოს გაეროში პრემიერ-მინისტრი წარადგენდა ხოლმე. წელს კი ნიუ-იორკში ჩავიდა პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიოს ქართულ ენაზე მიმართავს.
როდესაც ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, რატომ გადაწყდა მიხეილ ყაველაშვილის გაეროში წასვლა, მან განმარტა, რომ სხვადასხვა „მიზეზის გამო, ასე უმჯობესია”.
