კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ „ქართული ოცნების” ახალი ინიციატივა პარლამენტის ბიუროს 22 სექტემბერს წარედგინა.
კანონპროექტის ავტორთა ცნობით, ცვლილების მიხედვით, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ასევე აიპ-ებში, სსიპ-სა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ექნებათ ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
ეს კი იმ შემთხვევაში, თუ დავისას მოქმედ საჯარო მოხელეზე სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა მმართველი პარტიის უმთავრესი პრიორიტეტია.
„„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი, საჯარო მოსამსახურე, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში დასაქმებული პირი, რომლის მიმართაც შესაბამის თანამდებობაზე ყოფნისას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ვალდებული იქნება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თუ 2-თვიანი ვადა მომდევნო კალენდარულ წელს გადადის, აღნიშნული პირი ვალდებული იქნება, შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია არაუგვიანეს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის კალენდარული წლის 31 დეკემბრისა”, – წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი კანონები ხელისუფლებას რეპრესიებისა და „შიდა კლანური ბალანსისთვის” სჭირდება.
