მთავარიგადაცემებიSmart Regionsესტონეთის იშვიათმიწა მაგნიტის საწარმო ევროპის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას შეუწყობს ხელს

ესტონეთის იშვიათმიწა მაგნიტის საწარმო ევროპის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას შეუწყობს ხელს

ევროპამ უკვე გადადგა ნაბიჯები, რათა შეამციროს თავისი დამოკიდებულება ჩინეთის მიერ მოწოდებულ იშვიათმიწა მაგნიტებზე, რომლებიც აუცილებელია სუფთა ტექნოლოგიების განვითარებისთვის. იშვიათმიწა მაგნიტების პირველი ევროპული წარმოება გაიხსნა ქალაქ ნარვაში, ესტონეთში, რომელიც გეგმავს, რომ ყოველ წელს მაგნიტები მილიონზე მეტ ელექტრომობილს ან  ათას ოფშორულ ქარის ტურბინას  მიაწოდოს.

იშვიათმიწა მაგნიტის პირველი ევროპული საწარმო გაიხსნა წელს ქალაქ ნარვაში, რომელიც ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზედ რუსეთის საზღვართან, მდებარეობს.

ნარვაში დამზადებული იშვიათმიწა მაგნიტი, ესტონეთი

ვასილეიოს ციანოსი, კომპანია Neo Performance Materials-ის კორპორაციული განვითარების ვიცე-პრეზიდენტი:

„იშვიათმიწა მუდმივი მაგნიტები ევროპის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ტექნოლოგიებზე გარდამავალი ეტაპის ხერხემალია. იშვიათმიწა მაგნიტები ელექტროენერგიას ზოგავენ. როდესაც მას ძრავაში იყენებ, მისი ეფექტიანობა იზრდება“.

ვასილეიოს ციანოსი, კომპანია Neo Performance Materials-ის კორპორაციული განვითარების ვიცე-პრეზიდენტი

ამჟამად მუდმივ მაგნიტებზე ევროკავშირის მოთხოვნის 90%-ს ჩინეთი აკმაყოფილებს. ევროპას საკუთარი შიდა მიწოდების ჯაჭვის შექმნა სურს.

„ამ იშვიათმიწა მაგნიტის ქარხნის საწარმოო სიმძლავრე 2 ათასი მეტრული ტონა მზა მაგნიტის ბლოკია. ეს საკმარისია, რომ ევროკავშირში დამზადებული მილიონზე მეტი ელექტრომობილი  ან ათასზე მეტი ქარის ოფშორული ტურბინა აღჭურვოს“, – განმარტავს ვასილეიოს ციანოსი.

კანადური კომპანია, რომელმაც ეს პროექტი განახორციელა, ადრე იშვიათმიწა ელემენტების განცალკევების საწარმოს ამუშავებდა, რომელიც ქალაქ სილამიაეს მახლობლად მდებარეობს. ნარვის ქარხანაში ავსტრალიიდან ჩამოტანილი იშვიათმიწა ელემენტების ფხვნილს სხვა ლითონებს ურევენ, რათა მუდმივი მაგნიტი მიიღონ. ამის გამო ძალიან გაუმართლა ჟორიანა მიურალს, რომელსაც მას შემდეგ, რაც  მუდმივ მაგნიტებზე სადოქტორო დაიცვა, არც  კი ჰქონდა იმედი, რომ თავისი პროფილით იშოვიდა სამუშაოს და თანაც ესტონეთში.

ჟორიანა მიურალი, კომპანია Neo Performance Materials-ის პროცესისა და ტექნოლოგიების ინჟინერი:

„ერთპოლუსიანი მაგნიტი არ არსებობს. ისინი არ განიზიდავენ ან იზიდავენ, ამიტომ როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ვიფიქრე, რომ საკმარისი დრო დავუთმე მაგნიტს და დროა, განმიზიდოს-მეთქი. მაგრამ შემთხვევითობის წყალობით ისევ უკან მიმიზიდა. როდესაც ამ პროექტში ჩავერთე, არც შენობა გვქონდა, არც კედლები, საერთოდ არაფერი. ახლა კი აქაურობა სავსეა დანადგარებით. უბრალოდ აღტაცებული ვარ, როცა წარმოვიდგენ, როგორი მომავალი გველოდება“.

ჟორიანა მიურალი, კომპანია Neo Performance Materials-ის პროცესისა და ტექნოლოგიების ინჟინერი

მაგნიტის ქარხნის მთლიანი ბიუჯეტი 75 მილიონი ევროა, საიდანაც 14 მილიონი ევროკავშირის „სამართლიანი გარდამავალი ეტაპის ფონდმა“ დააფინანსა. მომავალში ეს ქარხანა დაახლოებით ათასი ადამიანის დასაქმებას აპირებს. პროექტი ნარვის ეკონომიკის დივერსიფიცირებას ისახავს მიზნად, რათა რეგიონმა თანდათან უარი თქვას ნავთობის ფიქლური მეთოდით მოპოვებაზე, რომელიც ერთ დროს  რეგიონის მთავარი ეკონომიკური საქმიანობა იყო. ევროკავშირმა 2021-2027 წლებისთვის „სამართლიანი გარდამავალი ეტაპის ფონდიდან“ რეგიონს გამოუყო 357 მილიონი ევრო, რომელიც  მწვანე ეკონომიკურ პლატფორმაზე გადასვლის გამო ყველაზე მეტად დაზარალებულ ტერიტორიებზე უნდა დაიხარჯოს.

მდინარე ნარვა ესტონურ ქალაქ ნარვასა და რუსეთის ქალაქ ივანგოროდს შორის მიედინება

„ასეთი ტიპის ქარხანა ახალ ინდუსტრიულ კომპანიებს მოიზიდავს,“ – ამბობს კატრი რაიკი, ნარვის მერი. „რა თქმა უნდა, ამის გამო მუშახელის გადამზადება დაგვჭირდება. ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ კანადელი ინვესტორისა, რომელმაც ნდობა გამოუცხადა ამ ადგილს – ეს ხომ ევროკავშირისა და ესტონეთის საზღვარია. სულ რაღაც 200 მეტრი გვაშორებს რუსეთის საზღვარს“.

ავტორი: დავიდ რაფაელ ლობინა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend