„იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთი“ – ასე აფასებს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, საგარეო კურსს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში წარდგენილ შესწორებას პლატფორმა „იქსზე“ თავად ასე ხსნის:
„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით… არცერთ ფედერალური თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არცერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა მიზნით, რომ აღიაროს ან რაიმე სხვა ფორმით იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის აღიარება“.
I am so grateful that my GEORGIAN NIGHTMARE NON-RECOGNITION amendment has been ADOPTED for inclusion the State Department Authorization Act!
Insulting America while embracing Communist China, Iran & Russia is a one-way ticket to isolation. pic.twitter.com/ue7H5cU65b
— Joe Wilson (@RepJoeWilson) September 18, 2025
კონგრესმენის მიერ წარდგენილ შესწორებას 18 სექტემბერს მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. დოკუმენტის საბოლოოდ დადასტურებას სჭირდება მხარდაჭერა წარმომადგენელთა პალატის სხდომაზეც.
ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის თაობაზე თვეების განმავლობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პასუხის მოლოდინში მყოფი „ქართული ოცნება“ შესწორებას „საინფორმაციო ხმაურის შექმნის მცდელობად“ აფასებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი „წინამორბედი დოკუმენტების ბედს გაიზიარებს“:
„ერთადერთი მიზანი აქვს – საინფორმაციო ხმაური. ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. ვხედავთ კონგრესმენ ჯო უილსონს… ეს ხმაური გადაივლის და მერე რას აპირებენ, იგივე ბედი ეწევა, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას…“
„ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები და მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ, მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ – საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც საქართველოს ომისკენ წაათრევს. გამორიცხულია, ასეთი უსამართლო დოკუმენტი მიღებული არ იქნება…“ – თქვა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.
ვაშინგტონში მიღებულ შესწორებას სხვადასხვაგვარად აფასებენ ოპოზიციაში. მაგალითად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ მსგავს ნაბიჯებს უნდა მოჰყვეს მმართველი გუნდის მაღალჩინოსნების დასანქცირება.
„ივანიშვილის „ქართული კოშმარის არაღიარების“ დებულების შეტანა ამ აქტში ნიშნავს იმას, რომ აშშ-სა და დასავლეთში საერთოდ არასდროს აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმს… ამ პირობებში ეს სისტემა არასდროს იქნება ლეგიტიმურად აღიარებული არცერთი დასავლური, ცივილიზებული სამყაროს მიერ. ყოველთვის იქნება ლეგიტიმურობისა და იზოლაციის პრობლემა… ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს და ივანიშვილისა და მისი ბანდის სანქცირების პოლიტიკა და ქართველი ხალხის ბრძოლის მხარდაჭერა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარტიებში „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ საუბრობენ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეებზე, იმ შემთხვევაში თუკი, როგორც ამბობენ, ხელისუფლებაში დიდხანს დარჩება „ქართული ოცნება“.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესწორების წინადადება მიბმულია კანონპროექტის 313-ე მუხლთან, რომელიც აშშ-ის მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს. ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია ძალიან მნიშვნელოვან კანონში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ლობისტებისთვის მილიონობით ფულის გადახდის მიუხედავად, ამ ფაქტს ვერაფერი ცვლის და ვერც შეცვლის, ვერც ბრიუსელსა და ვერც ვაშინგტონში“, – ამბობს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია.
„იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმულირებით მიიღებენ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ გაფორმდება ჩვენი ქვეყნის იზოლაცია. შეიზღუდება დაფინანსება და დიპლომატიური ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, რადგან მათ აიძულეს აშშ, გადაედგა ასეთი რადიკალური ნაბიჯები…“ – თქვა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა.
„ქართული ოცნება“ ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ დოკუმენტებს „მტრულ აქტად“ აფასებს. სწორედ ჯო უილსონია ორპარტიული „მეგობარი აქტის“ ერთ-ერთი ინიციატორი. 2025 წლის მაისში კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ დოკუმენტს ჯერჯერობით არ ჰქონია სამართლებრივი წინსვლა. მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ეს აქტი ე.წ. „დიფ სთეითის“ ქმედებების შედეგია, რომელსაც, თავის მხრივ, ვაშინგტონ-თბილისის ურთიერთობების გაუარესებაში ადანაშაულებს.
საქართველოს ხელისუფლება ელის პასუხებს თბილისიდან გაგზავნილ ღია წერილებზეც, რომელთა ავტორებიც არიან პრემიერი ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ადრესატი კი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პასუხად თეთრი სახლიდან ჯერ ისევ დუმილია.
