საქართველოში ვიზიტით იმყოფება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.
„თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.
„მინდა, აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით”, – თქვა შეხვედრაზე შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანიმ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარი შეთანხმდნენ საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე.
