მთავარიმსოფლიოკავკასიაბაქოს შემდეგ ერევანი - გაფართოების საკითხებში ევროკომისარი კავკასიურ ტურნეს განაგრძობს

ბაქოს შემდეგ ერევანი – გაფართოების საკითხებში ევროკომისარი კავკასიურ ტურნეს განაგრძობს

გაფართოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი აზერბაიჯანის დედაქალაქს სტუმრობს. მარტა კოსის ბაქოში ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს უკავშირდება და ევროკომისიის განმარტებით, იმის საშუალებაა, რომ ბლოკმა რეგიონთაშორის კავშირებთან მიმართებით საკუთარი დღის წესრიგი წარმოადგინოს, მათ შორის შემუშავდეს გარკვეული კონტრიბუცია რეგიონული განვითარების მიზნებისთვის.

კომისარმა აზერბაიჯანის მთავრობასთან სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა – ასეთი იყო ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ნაღმების გაუვნებელყოფის მიმართულება. შედგა მაღალი დონის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ეკონომიკის მინისტრ მიკაილ ჯაბაროვთან. ევროკომისარი იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც, კერძოდ, აღდამში, ასევე დაათვალიერა ფუზულის ახალი აეროპორტიც.

„შთაბეჭდილების ქვეშ  ვარ აღდამსა და ყარაბაღში ვიზიტის შემდეგ. დაუჯერებელია ის, რასაც  ეს  ქვეყანა აკეთებს, თუ როგორ აშენებს სივრცეს, რომელიც წლების მანძილზე ომსა და ნგრევაში არსებობდა. ვაფასებ აზერბაიჯანის მთავრობის სიმამაცეს, რომ ააშენოს ახალი ქალაქები, ახალი ინფრასტრუქტურა, რათა ხალხი აქ უკან დაბრუნდეს.

სამ რამეს გამოვყოფდი: პირველი – ომს კარგი არაფერი მოაქვს, ის ანადგურებს ადამიანების სიცოცხლესა და სავსეა ღრმა ჭრილობებით; მეორე – თუ მშვიდობის მხარეს დგახარ, ამ მიდგომაზე ბევრის დაშენება შეგიძლია – უნდა შეაჩერო ომი და რამე გააკეთო მშვიდობისთვის, სწორედ ეს გააკეთეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა; მესამე კი ისაა, რომ ევროკავშირს სურს დახმარება.

იმედი მაქვს, ხელს მოვაწერ ფინანსურ შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ამ სივრცეში, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის ნაწილში გამოვყოთ თანხა. იმედია, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა მოხერხდება”, – აღნიშნა ბაქოში ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა.

მარტა კოსის შემდეგი გაჩერება უკვე სომხეთია. 19-20 სექტემბერს ევროპელ სტუმარს ერევანში ელიან, სადაც სომხეთის მთავრობასთან ერთად ფინანსური თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტების ხელმოწერა იგეგმება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend