კატეგორიები

„ღია ვართ, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან” – ირაკლი კობახიძე

„ღია ვართ, გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან” – ირაკლი კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის მზად, გადატვირთოს ურთიერთობები ევროკავშირთან.

ევრობლოკი მან „კარჩაკეტილობასა“ და „საბჭოურ მიდგომებში“ დაადანაშაულა.

აქამდე ურთიერთობების გადატვირთვის კონტექსტში „ქართული ოცნებას“ არაერთხელ უთქვამს, რომ ვაშინგტონთან სურთ ურთიერთობების გადატვირთვა, ბრიუსელს კი ახლაც „ევრობიუროკრატიად“ მოიხსენიებენ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ თბილისისადმი ევროკავშირის მიდგომები სრულად შეიცვლება, თუმცა კვლავ დასძენს, რომ ევროკავშირი ახლა „მძიმე მდგომარეობაშია“.

ბოლო ერთი წელია, მმართველი პარტიის ლიდერები ხშირად საუბრობენ ევრობლოკის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსადმი, მათი შეფასებით, უსამართლო დამოკიდებულებაზე.

სახელისუფლებო პარტიაში არაერთხელ დაადანაშაულეს საქართველოს ევროპელი პარტნიორები ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში. ამ კონტექსტში „ქართული ოცნება“ ხშირად ახსენებს დასავლელ დიპლომატებსაც, მაგალითად, საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერს.

პარტიის განცხადებით, ელჩები უხეშად არღვევენ ვენის კონვენციას და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ზედმეტად ერევიან.

მმართველი გუნდის კრიტიკის საპასუხოდ, ბრიუსელიდანაც და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დედაქალაქიდანაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებისა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ინკლუზიური დიალოგის გამართვისკენ.

 

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები