შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე „ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ“ ისაუბრეს და ყურადღება „დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე“ გაამახვილეს.
უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, გეკა გელაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ქართული მხარე მზად არის, აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ჩინელ კოლეგებთან ერთად, რათა თანამშრომლობის არსებული მექანიზმები კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს“.
„დღეს დასრულდა გლობალური უსაფრთხოების ფორუმი, სადაც ჩინეთი სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით ვიმყოფებოდით. საკითხი ეხებოდა როგორც ორგანიზებულ დანაშაულს, ნარკოდანაშაულს, ისე ტერორიზმთან ბრძოლას – გამოწვევებსა და გადაჭრის გზებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა ჩემს კოლეგასთან, ბატონ მინისტრთან. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერება“, – განაცხადა გეკა გელაძემ.
