„გასულ წელს შეძენილი ორასი 18-მეტრიანი ავტობუსი თბილისშია და მზად არის, დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახუროს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 18 სექტემბერს, გამართულ პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, ეს ქალაქის „სატრანსპორტო პოლიტიკისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯია“ და ეს ავტობუსები დედაქალაქში მოძრაობას 27 სექტემბრიდან დაიწყებს. კახა კალაძემ თქვა ისიც, რომ დღეს თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხერგილებია, თუმცა თბილისის მერია საკუთარი პოლიტიკით „ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქში კომფორტული იყოს“.
„ქალაქი ვითარდება, წინ მიდის, იზრდება, ახალი პროექტები ხორციელდება. შესაბამისად, ყოველთვის საჭიროა, რომ ჩვენც თანხვედრაში ვიყოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით.
ადამიანს, რომელიც დილით მიდის სამსახურში და გვიან, დაღლილი ბრუნდება სამსახურიდან, ყველანაირი პირობა უნდა შევუქმნათ ტრანსპორტის თვალსაზრისით, რომ მან კომფორტულად შეძლოს გადაადგილება, დაბრკოლებების გარეშე. დღეს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საცობებია. თუმცა ჩვენი პოლიტიკით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქში კომფორტული გავხადოთ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამიტომ, სადაც შესაძლებელია – კვლევების შემდეგ, სადაც შესაბამის შედეგს ვიღებთ, ყველგან ვაკეთებთ ავტობუსის ზოლებს, რომ ავტობუსმა და მიკროავტობუსმა თავისუფლად შეძლოს გადაადგილება“, – თქვა კახა კალაძემ.
