კატეგორიები

„აზრს ვერ შეგვაცვლევინებენ”- მმართველი პარტია ჩეხეთის მიერ დიპლომატიური ვიზების შეჩერებაზე

„აზრს ვერ შეგვაცვლევინებენ”- მმართველი პარტია ჩეხეთის მიერ დიპლომატიური ვიზების შეჩერებაზე

ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის – ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის შემდეგ ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავიზო რეჟიმის შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა. ამავე განცხადების თანახმად, აჩერებენ კონტაქტებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან.

„ეს პასუხია ადამიანის უფლებების უპატივცემულობაზე, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე. დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები ვეღარ ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით”, – წერია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ მორიგ სანქციასაც მედგრად ხვდებიან და კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის მკაცრ პოლიტიკურ-დიპლომატიურ გზავნილს მათ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა არ ექნება.

„ჩეხეთში წასვლა დიპლომატიური პასპორტით თუ დაგვჭირდება, ჩეხეთის საკონსულოს მივაკითხავთ. ჩვენთვის ამ სანქციას მნიშვნელობა არ აქვს, აზრს ვერ შეგვაცვლევინებენ. ეროვნულ ინტერესებზე უარს არ ვიტყვით იმის გამო, რომ ვიღაცამ არ დაგვასანქციროს. მაშინ არც ჩვენს პარლამენტის წევრობას აქვს აზრი და არც პოლიტიკურ საქმიანობას. ეს შანტაჟის ენაა, რასაც მიჩვეული ვართ. გამოხატავენ, რომ ხელისუფლების მიმართ სხვა დამოკიდებულება აქვთ. როგორც ჩანს, ერთმანეთს რადიკალიზმში ევროპაშიც ეჯიბრებიან. ჩვენს შემთხვევაში აქტიურობას ბალტიისპირეთი იჩენდა, როგორც ჩანს, ახლა ჩეხეთი შეუერთდა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ლოგიკურად მიიჩნევენ ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლისა და თავისუფალი აზრის ჩახშობის მცდელობისთვის, დასანქცირდეს არა ქართველი ხალხი, არამედ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც საქართველოში რუსულ-ჩინური სტილის ავტოკრატიული მმართველობის დამყარებას ცდილობს.

„ვხედავთ, რომ სულ უფრო იზრდება იმ ევროპული ქვეყნების რიცხვი, რომელთაც გადაწყვიტეს რეჟიმის სანქცირება მოახდინონ. მათ შეუერთდა ჩეხეთი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სახელმწიფო მრავალი წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას. მათაც გადაწყვიტეს რეჟიმის წარმომადგენლებს, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს დაუწესდეს სანქცია, არ მიეცეთ ევროკავშირში გადაადგილების შესაძლებლობა. ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ძალიან ნათელი გზავნილი, რომ სანამ არ შეიცვლება რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს, ჩვენ მხოლოდ დავკარგავთ ეტაპობრივად ყველანაირი ურთიერთობის ჩარჩოებს, რაც ევროპასთან გვაქვს“,- განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოსთან დაკავშირებით ინდივიდუალური გადაწყვეტილებების გარდა ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაზეც ფიქრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი რაც განიხილება, ქვეყნისთვის ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის შეჩერებაა. თუმცა ევროკავშირი შესაძლოა არა ქართველი ხალხის სანქცირებით, არამედ მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის მკაცრი დამოკიდებულებით შემოიფარგლოს.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები