მთავარისაქართველო„ტელეგრაფის“ მუსიკა და გემო…

„ტელეგრაფის“ მუსიკა და გემო…

თითქოსდა კიდევ რა უნდა ყოფილიყო ახალგახსნილ სასტუმრო „ტელეგრაფში“… დახვეწილი  ინტერიერი, ულამაზესი ხედები, არაჩვეულებრივი ნომრები და ერთმანეთზე უკეთესი კაფე-რესტორნები.

მაგრამ თურმე, სასტუმროს სტუმრებს კიდევ ახალი გამოცდილება ელოდათ – ჯაზი, როკი და იტალიური გემოები…

ახალ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს კიდევ სამი ახალი სივრცე დაემატა. ჯაზკლუბი „თათუზა“, რომელიც ლეგენდარული ქართველი მუსიკოსის სახელობისაა, რეგიონში პირველი „როლინგ სტოუნის“ ბრენდის ბარი  და ახალი იტალიური რესტორანი – „Philosophico”.

ამ სივრცეების გახსნის ცერემონია სექტემბრის შუა დღეებში გაიმართა. და სანამ ეს ცერემონია დაიწყებოდა, დიდ სასტუმრო დარბაზში კლასიკური მუსიკის ხმები გაისმა… მსოფლიოში სახელგანთქმული იერუსალიმის კვარტეტი სტუმრებისთვის საგანგებო კონცერტს ატარებდა. და იღვრებოდა სასტუმროს სივრცეებსა და მწვანე გასასვლელებში – ჰაიდნის, დებიუსის, შოსტაკოვიჩისა და ბეთჰოვენის უკვდავი მელოდიები.

ასე დაიწყო ეს საღამო…

ეს კი Tatuza Jazz Club-ია. ლეგენდარული ქართველი ჯაზმენის, თამაზ ყურაშვილის სახელობის ჯაზკლუბი. გახსნის დღეს ეს სცენა სტენლი კლარკმა, ბექა გოჩიაშვილმა და დენის ჩემბერსმა დაიკავეს.

თამაზ ყურაშვილის შვილი და შვილიშვილი იმ დღეს ლეგენდარულ თათუზაზე ლაპარაკობდნენ მისსავე სახელობის კლუბში. და მათგან რა უნდა მოგესმინა იმ დღეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მადლობა:

„ბატონმა გიორგი რამიშვილმა, რაც გეგმად დაისახა იყო მისი და თათუზას მეგობრობაზე დაფუძნებული კლუბი, რომელსაც დღეს ვხსნით. ჯაზკლუბს თათუზა დაარქვეს. მინდა, რომ მას დიდი წარმატება ვუსურვო. ეს არ არის ერთი დღე –  ეს ეფუძნება ძალიან დიდ ისტორიას, ძალიან დიდი შთამომავლობას. ეს არის თათუზას დატოვებული ისტორია, თათუზას დატოვებული მეგობრობა, მუსიკა, და ის, რასაც ჯაზი ემსახურება. მინდა, რომ თათუზას სახელი დარჩეს. და დარჩა დღევანდელი დღიდან. დიდი მადლობა ისევ და ისევ ბატონ გიორგი რამიშვილის. დიდი მადლობა კლუბის მესვეურებს“, – ამბობს ბუბა ყურაშვილი, თამაზ ყურაშვილის ვაჟი.

„თათუზას ისტორია და თათუზას მოღვაწეობა ჯაზის სფეროში ძალიან ღრმაა, და ასე ვთქვათ, ისტორიული. ამ ისტორიას მომავალში თათუზას ჯაზკლუბი გააგრძელებს“, – ამბობს ნიკოლოზ ყურაშვილი, თამაზ ყურაშვილის შვილიშვილი.

„ისტორიული კონცერტია. კლუბი „თათუზა“ისტორიაში დარჩება. იგი სტენლი კლარკმა, ბექა გოჩიაშვილმა და დენის ჩემბერსმა გახსნეს. საუკეთესო პუბლიკა იყო,  ძალიან კარგი აკუსტიკა, და საერთოდ, ატმოსფერო. ამ ქალაქს ასეთი ჯაზკლუბი არ ჰქონდა. აქ ცოცხალი მუსიკა ყოველდღე იქნება. ასეთი მაგარი კონცერტით დაიწყო და ასეც გაგრძელდება“, – ამბობს გიორგი რამიშვილი, Silk Road Group-ის დამფუძნებელი.

ამიერიდან სტუმრებისთვის უკვე ღიაა იტალიური რესტორანი Philosophico. ამ მრავალმხრივ საინტერესო ადგილის სახელმა, სტუმართა შორის ინტერესი გამოიწვია. მაგრამ ყველაფერი ნათელი გახდა, Silk Road Group-ის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის სიტყვების შემდეგ:

„ჩვენ ასევე დავასრულეთ იტალიური რესტორანიც… იქ მერაბ მამარდაშვილის ძეგლი დგას – ძალიან ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის ძეგლი. ამიტომაც ამ რესტორანს Philosophico დავარქვით. საოცარი დამთხვევაა, რომ დღეს მერაბ მამარდაშვილის დაბადების დღეა, იგი 95 წლის გახდებოდა…“  – თქვა გიორგი რამიშვილმა.

მერაბ მამარდაშვილის ძეგლი რუსთაველის გამზირზე 2001 წლის 26 მაისს გაიხსნა. ეს ადგილი ძეგლის ავტორმა, ერნსტ ნეიზვესტნიმ თავად შეარჩია.

რესტორანმა უკვე მიიღო პირველი სტუმრები. ხოლო ნამდვილი იტალიური გემოები, რესტორნის შეფმა, ჰაოლო ამადორიმ შექმნა თბილისისთვის.

უკვე გაიხსნა Rolling Stone Rooftop Bar-იც –  „როლინგ სთოუნის“ ბრენდის პირველი ბარი რეგიონში. სასტუმრო „ტელეგრაფის“ ბოლო სართულზე ახლა ცოცხალი და ხარისხიანი მუსიკა ისმის.  ტერასიდან კი თბილისის შესანიშნავი ხედები მოჩანს. პირველ საღამოს „როლინგ სთოუნის“ სცენა თავად „ბასისტების დედოფლად“ წოდებულმა ნიკ უესტმა დაიკავა.

ასე შეიკრა სასტუმრო „ტელეგრაფის“, ისტორიითა და დღევანდელობით დატვირთული, მართლაც დახვეწილი წრე. ახლა აქ მოსული ყველა სტუმარი იპოვის ადგილს, სადაც მისთვის განსაკუთრებით საინტერესოსა და ახალს აღმოაჩენს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:42
spot_imgspot_img
Send this to a friend