თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა გამოკითხვა გრძელდება. დღეს, 17 სექტემბერს, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური გამოიკითხა.
სასამართლოს დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კითხვები პირად ანგარიშებსა და საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს.
„მიიღეს ძალიან ბევრი კანონი, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ზღუდავს, ახლა უკვე გამოძიებაც დაიწყეს ჩვენი საქმიანობის წინააღმდეგ. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას და, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დაცვას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება გადაწყვიტა. ამ ორგანიზაციებს შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ არის, თუმცა ეკა გიგაური გამოკითხვაზე მაინც დაიბარეს.
მუხლი, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საქმეა აღძრული, საბოტაჟს, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას გულისხმობს.