მთავარისაქართველოპროკურორის დასკვნითი სიტყვა ზვიად რატიანის საქმეზე

პროკურორის დასკვნითი სიტყვა ზვიად რატიანის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პოეტ ზვიად რატიანის პროცესი.

16 სექტემბრის სხდომაზე დასკვნითი სიტყვა თქვა ბრალდების მხარემ. პროკურორმა გიორგი გოგოლაძემ განმარტა, რატომ უნდა გამოცხადდეს გამამტყუნებელი განაჩენი ზვიად რატიანის საქმეზე.

მისი მტკიცებით, პოეტი პოლიციელს თავს დაესხა, რითაც მას მიაყენა “ძლიერი ფიზიკური ტკივილი”:

„ვიდრე ზვიად რატიანი პოლიციელს ხელს გაარტყამდა, ჯერ ჰკითხა, მოსწონდათ თუ არა, რომ სილის გაწვნის გამო ქალი იმყოფებოდა ციხეში. შემდეგ იკითხა, რომელი იყო პოლიციელების ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის გამოკვეთის შემდეგ მოულოდნელად გაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სიმხურვალე.”

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მომდევნო პროცესი 2 ოქტომბერს 13:00 საათზე დანიშნა.

ამ დღეს დასკვნით სიტყვას წაიკითხავს დაცვის მხარე, ხოლო საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს ბრალდებული ზვიად რატიანი.

საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა მას შემდეგ, რაც 9 სექტემბრის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლო მტკიცებულებებს აღარ გამოიკვლევს.

ზვიად რატიანი 23 ივნისს დააკავეს. მას რუსთაველის გამზირზე, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველისთვის სილის გაწვნას ედავებიან.

პროკურატურის ვერსიით, პოეტი თავს დაესხა დიდუბე-ჩუღურეთის საპოლიციო განყოფილების უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს. ზვიად რატიანი სილის გაწვნას ადასტურებს, თავდასხმას კი უარყოფს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის თანახმად, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend