4 ოქტომბერს არჩევნებში არმონაწილე რვა პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი აპირებს, რომ პარლამენტთან შეკრიბონ და მათივე თქმით, „მშვიდობიანად დაამხონ“ მოქმედი, ასევე მათივე თქმით დე-ფაქტო ხელისუფლება. როგორ აპირებენ ხელისუფლების ცვლილებას, ზუსტი მეთოდები ჯერ უცნობია. თუმცა ამბობენ, რომ ყველა კონსტიტუციურ გზას გამოიყენებენ. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ მშვიდობიანი რევოლუციის გზით „ქართულ ოცნებას“ მიტაცებულ ძალაუფლებას ჩამოაშორებენ.
„ჩვენ ვუახლოვდებით 4 ოქტომბერს. გვჯერა, ჩვენი და არამარტო „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პირველყოვლისა, პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ მოწოდება იქნება გაგონილი. მოწოდება, რომ ქართული საზოგადოება 4 ოქტომბერს შეიკრიბოს არა არჩევნებად წოდებული რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ ყველა გამოვალთ ჩვენი ქალაქების ქუჩებში. გამოვალთ, პირველყოვლისა, რუსთაველის გამზირზე და ყველანი ერთად ვეტყვით „არას“ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას. დიახ, მშვიდობიანად დავამხობთ ამ რეჟიმს, მშვიდობიან რევოლუციას მოვაწყობთ. მშვიდობიანი რევოლუცია – ეს არის კონსტიტუციაში ჩაწერილი უფლება“,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერები მათი „დამხობის“ მსურველებს აფრთხილებენ, რომ 5 ოქტომბერს მათ თავს სხვა რეალობა დატრიალდება და ყველა კანონდამრღვევი კანონის წინაშე აგებს პასუხს.
„გაცხადებულ არის, რომ მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს ყველაფერი არის გარედან მართული. ვხედავთ შეხვედრებს მათთან გარედან, ვხედავთ მათ ვიზიტებს და დააანონსეს კიდეც, რომ ამ დღეებშიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა. ზოგადად, გამწვავება ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემო პირობებში შემოდგომაზეა ხოლმე ეს გამწვავებები, არჩევნების წინ. ერთ-ერთი კიდევ ასეთი გამწვავებაა. ამის შედეგი იქნება 5 ოქტომბერი. დადგება 5 ოქტომბერი და ეს ადამიანები, რომლებიც ახლა აორგანიზებენ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან. ვინც ცდილობს, რომ ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ხუმრობის ხასიათზე აყენებს, უწყვეტი პროტესტის მონაწილეებისთვის გაცილებით დრამატული მნიშვნელობა აქვს. მათთან ერთად, პროტესტის სულისკვეთების მომხრეა ოპოზიციის სხვა ნაწილი. თუმცა, ისინი უწყვეტი და მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ხელისუფლების ცვლილების მთავარ გზად არჩევნებში მონაწილეობას მიიჩნევენ.
„ჩვენ რომ ამას რეალისტურად და სწორად მივიჩნევდეთ, ჩვენც ავირჩევდით ბოიკოტის ამ გზას. ჩვენთვის მთავარია „ოცნების“ მშვიდობიანი გზებით დამარცხება, დასუსტება და ამას ვაკეთებთ არჩევნების გზით. სულ მცირე, არასერიოზულია კონკრეტული თარიღების დასახელება, ახლა ვხედავთ, რომ უკვე საათებსაც ასახელებენ, რომელ საათზე დაამხობენ „ოცნებას“. ჩემი პატივისცემა ამ ადამიანს, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პოლიტიკოსის მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადება.
ნეპალთან შედარება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. დღეს თუ ვინმეს აწყობს ამ ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არ არის ჩვენი კეთილის მსურველი, ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მტერია. ჩვენი ქვეყნის მტერი ვინ არის, მგონი, ამას შეხსენება არ სჭირდება. ვინმეს თუ სჭირდება შეხსენება, შევახსენებ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთი. ამიტომ კარგად დავფიქრდეთ, როდესაც რაღაც განცხადებებს ვაკეთებთ. ჩვენ, ყველანი მოწოდებული ვართ, დავამარცხოთ „ოცნება“ და ჩამოვაშოროთ მიტაცებულ ხელისუფლებას. განსხვავება ჩვენსა და იმ პარტიებს შორის, რომლებიც რევოლუციურ სცენარს აანონსებენ, არის ის, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით, მათ სხვა გზა აირჩიეს. ყველამ ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ“, – განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ.
4 ოქტომბერი კალენდარზე სამ კვირაზე ნაკლებ დროში დადგება, თუმცა განსხვავებული პოლიტიკური სცენარით. რომელ სცენარს აირჩევს საზოგადოება, ეს ჯერ უცნობია.
ავტორი: ალეკო გვეტაძე