მთავარისაქართველობრიტანელი პარლამენტარი ეხმაურება ქართველი ოპოზიციონერების დაკავებას

ბრიტანელი პარლამენტარი ეხმაურება ქართველი ოპოზიციონერების დაკავებას

16 სექტემბერს სიტყვით გამოსვლისას ბრიტანელმა პარლამენტარმა ჯეიმს მაკკლირმა საქართველოში არსებულ დემოკრატიულ პრობლემებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებაც ახსენა.

„ჩვენთვის, ბრიტანელი პარლამენტარებისთვის არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა მათთვის, ვინც ცდილობს შეზღუდოს, ან ძირი გამოუთხაროს შრომით მოპოვებულ თავისუფლებასა და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანასა თუ მის ფარგლებს გარეთ.

ყველაფერი დამოკიდებულია კანონის უზენაესობის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემაზე…

მაგალითად, გასული წლის ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები, რამაც ერი აღაშფოთა. სხვადასხვა გამოკითხვა აჩვენებს ევროპასთან ინტეგრაციისადმი აბსოლუტურ მხარდაჭერას. მას შემდეგ პროტესტის მონაწილეები ყოველდღიურად ავსებენ რუსთაველის გამზირს. მათ არ ეშინიათ იმის თქმის, რომ მომავალი მათია, მიუხედავად ხელკეტების ან წყლის ჭავლის გამოყენებისა.

ზაფხულის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო ოპოზიციის ლიდერების დაკავება. რამდენიმე კვირის წინ შევიტყვე ჩემი მეგობრისა და ერთ-ერთი ოპოზიციონერის, გიორგი ვაშაძის, დაკავებისა და მისთვის რვათვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ. გუშინ დააკავეს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. „შემზარავი“ ბრალი, რომლის ჩადენასაც მას ედავებიან, არის თბილისის მერის საარჩევნო პოსტერის დაზიანება.

როგორ ვუპასუხებთ დემოკრატიისადმი ამ გამოწვევებს, ისევე განგვსაზღვრავს ჩვენ, როგორც განსაზღვრავს ქვეყნებს, რომლებიც ხედავენ საკუთარი უფლებების შეზღუდვას.

დემოკრატია არ არის უბრალოდ საარჩევნო ყუთი. ის მოქალაქეა თბილისში, რომელიც შიშის გარეშე გამოხატავს პროტესტს. ჟურნალისტია ბელგრადში, რომელიც კორუფციას ააშკარავებს. სტუდენტია ჰონგ-კონგში, რომელიც უარს ამბობს გაჩუმებაზე. უკრაინის მოქალაქეა, რომელიც მომავალს აძლევს ხმას რუსული ცეცხლის ქვეშ…“

16 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ელენე ხოშტარიას.

უწყება მას ედავება „სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას“.

პროკურატურის ვერსიით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბზე განთავსებულ სამ ბანერზე დატანილმა წარწერებმა გამოიწვია 570 ლარის ქონებრივი ზიანი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას. ელენე ხოშტარიას დაკავებას „ქართული ოცნების“ რეპრესიებად აფასებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend