გადამწყვეტი დღის მოახლოებასთან ერთად მოლდოვაში კრემლის საცეცები გააქტიურდა. 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ფართოდაა აღქმული, როგორც გზაგასაყარი – ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს კი შემთხვევითი არაა, რუსული გავლენა ქვეყანაში დიდია, მანევრები კი კარგად ნაცადი. თუმცა ამჯერად დიდია ევროპული მხარდაჭერაც და მმართველი პარტიის სურვილიც, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
მოლდოვის წინაშე მდგარ არჩევანს შორის ჭიდილი ნათელია, ყველაზე უკეთ კი მაია სანდუსთვის. ქვეყნის პრეზიდენტმა რუსული ჰიბრიდული ომის მეთოდები ევროპელ კანონმდებლებს გააცნო და ამით გააფრთხილა, რომ შესაძლოა მოლდოვა სატესტო ადგილს ჰგავდეს, მაგრამ კრემლის სამიზნე უდავოდ ევროპაა.
„დღეს ვაწყდებით უსაზღვრო და უპრეცედენტო ჰიბრიდულ ომს, იმ მასშტაბით, რომელიც უკრაინაში სრულ შეჭრამდე არასოდეს გვინახავს. კრემლის მიზანი ნათელია, დაატყვეოს მოლდოვა საარჩევნო უბნებთან, გამოიყენოს ეს უკრაინის წინააღმდეგ და მოედნად გვაქციოს ევროკავშირზე ჰიბრიდული შეტევებისთვის. ამიტომაა ეს არჩევნები ასე მნიშვნელოვანი. მისი დაცვით ვიცავთ არა მხოლოდ მოლდოვას, არამედ რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩარევა არჩევნების დღით არც იწყება და არც მთავრდება. ის იწყება თვეებით ადრე და დიდხანს გრძელდება. როგორც ვირუსი, ის პოულობს ბზარს და უტევს მას.
ჩვენ რთულად გადავიტანეთ რუსეთის ჩარევა გასულ წელს, როდესაც იანვარში ხელოვნურად შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისს წავაწყდით, რომელიც შემუშავებული იყო ფასების გასაზრდელად, დნესტრისპირეთის რეგიონის სიცივესა და სიბნელეში დასატოვებლად და მდინარის ორივე მხარეს მოქალაქეების გასაყოფად. შემდეგ შემოვიდა ფული – უკანონო დაფინანსება ხორციელდებოდა კრიპტოვალუტის ფიქციური კომპანიების ბარათებით – პირდაპირ ოფშორებიდან.
გასულ წელს, მხოლოდ ერთ დღეში კიშინიოვის აეროპორტში 1 მილიონი ევროს ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს, ჩვენმა ინსტიტუციებმა დაასკვნეს, რომ წლის განმავლობაში რუსეთმა დახარჯა მოლდოვის მშპ-ს 1% ეკვივალენტი თანხა, რათა გასული წლის არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. დღეს რუსული ფულით ფინანსდება კრემლის მიერ მხარდაჭერილი პარტიები, მისი მეშვეობით კი მოიპოვებენ გავლენას, რაც წამლავს დემოკრატიას. გასულ წელს უფრო შორს წავიდნენ და გვაჩვენეს ის, რაც ჩვენს დემოკრატიას აქამდე არ ენახა. ხმების ყიდვის სქემა. სანქცირებულმა რუსულმა ბანკმა გახსნა 138 000 ანგარიში, რათა პირდაპირი გადარიცხვებით შეერყიათ არჩევნების შედეგები. ეს არ არის ის, რითაც ვამაყობთ, მაგრამ გვაჩვენებს იმას, თუ როგორ პოულობს რუსეთი სუსტ წერტილებს და მოქმედებს მათზე“, – აღნიშნა გასულ კვირას ევროპარლამენტში გამოსვლისას მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
მესამე ქვეყნის სუსტი წერტილების შესწავლა რუსული სპეცსამსახურების ძლიერი მხარეა, რომელსაც მეზობელ ქვეყნებში მიმართავს. ამ მხრივ დაცული შემდგარი დემოკრატიებიც არ არიან, არათუ ქვეყნები, რომლებიც რუსული გავლენის წინაშე მოწყვლადები არიან. ასეთია მოლდოვაც, სადაც მოახლოებულ არჩევნებზე მოსახლეობის გულის მოგებასა და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას არაერთი პრორუსული პარტია ცდილობს. ასეთია მაგალითად, „პატრიოტთა საარჩევნო ბლოკი” – კომუნისტური და პრორუსული ნარატივებით, პრორუსული ხედვების პოლიტიკოსები შეიმჩნევიან ბლოკში „ალტერნატივა”, ასევე მემარცხენე-პოპულისტების პარტიაში სახელად „ჩვენი პარტია”.
„რუსეთის მიერ დაფინანსებული ძალები თავის მხრივ აფინანსებენ პროტესტს, რომელიც ორკესტრირებულია ტელეგრამის მეშვეობით, ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია, ხალხი კი მოხიბლულია ათასობით ევროს დაპირებებით. გავრცელებული ტყუილები, ყალბი ელექტრონული ფოსტა სახელმწიფო ინსტიტუციების სახელით, პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოყენებული ე.წ. დიფფეიკები, გაყალბებული საერთაშორისო ვებგვერდები, რომლებიც თავს ასაღებენ მიუკერძოებელ საინფორმაციო წყაროდ, თუმცა ემსახურებიან კრემლის პროპაგანდას – ეს მხოლოდ ნაწილია.
რუმინული ანალიტიკური ცენტრის გამოძიებით, სოციალურ მედიაში 100-მა კოორდინირებულმა ანგარიშმა გაავრცელა 13 მილიონი ნახვის მქონე ვიდეო, სულ რაღაც ერთ თვეში. მის კომენტარებში ათასობით იყო გამეორებული და კოპირებული მანიპულაციური ხაზი და არა რეალური დებატების შინაარსი. კიბერშეტევა იყო სამთავრობო სამსახურებზე, გასულ წელს საფოსტო მომსახურება შეფერხდა, რადგან სწორედ ისინი არიგებდნენ პენსიებს, რადგან ბანკებს ეს არ შეეძლოთ. თაღლითური კომპანიები უტევდნენ ოფიციალურ პირებს.
რელიგია გამოყენებულია როგორც იარაღი, კრიმინალური დაჯგუფებები იწვრთნებიან საბოტაჟისა და დაშინების მიზნით. პოლიტიკური კორუფციის საქმეზე მომუშავე მოსამართლემ კი სიკვდილის მუქარა მიიღო. ჩვენი დიასპორა მიზანშია ამოღებული ონლაინრეჟიმში, რათა დაყონ ოჯახები სახლშიც და საზღვრებს გარეთაც. გასულ წელს ევროკავშირის ქვეყანაში 14-მა საარჩევნო უბანმა მიიღო ბომბის არსებობის შესახებ მცდარი ინფორმაცია, რათა ხელი შეშლოდა ხმის მიცემის პროცესს. გაგუზიაში კი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ავტონომია საფრთხის ქვეშ იყო. დნესტრისპირეთში კი უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნისკენ მოწოდებები იყო არაფერი სხვა, თუ არა ფაბრიკაციის ტაქტიკა ხმათა რაოდენობის გაზრდისთვის, რომელიც ბევრად აღემატება რეალურ ამომრჩევლებს. ეს ხდება სწორედ ახლა, პროცესი კოორდინირებულია, დაფინანსებულია ასობით მილიონი ევროთი, ბინძური ფულით, რომელიც გაძლიერებულია პროპაგანდით“, – აღნიშნავს სანდუ.
სოციალური ქსელის პირობებში ჰიბრიდული ომის წარმართვა მარტივ ამოცანად იქცა. მეთოდები იცვლება, ისევე როგორც ფინანსური წყაროები და ნარატივები. არჩევნებში ჩარევა, არალეგალური დაფინანსება საზღვარგარეთიდან, დეზინფორმაციული კამპანია, კიბერშეტევა, დაფინანსებული პროტესტი, ხალხში ზიზღის გაღვივების ტაქტიკა – გზებია, რომლებიც ქვეყნის საგარეო ორიენტირებზე ზემოქმედებს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მათზე მანიპულირება და მათი პროცესის სასარგებლოდ გამოყენება მხოლოდ ტაქტიკის ნაწილია. ეს საკუთარ თავზე ძველმა ევროპულმა ქვეყნებმაც გამოცადეს. ევროპელებს კონსოლიდირება ერთადერთ გზად მიაჩნიათ. სწორედ ამიტომ მოლდოვის ხელისუფლებისთვის ევროკავშირში გაწევრიანება ტექნიკურ პროცესზე მეტად გადარჩენის გზად აღიქმება და სურთ, მოქალაქეებმა ეს არჩევნები სწორედ ასე დაინახონ.
„გადახდა ტელეგრამით, ტყუილები TikTok-ზე, დიფფეიკები ფეისბუკსა და ინსტაგრამზე. ტოქსიკური კონტენტის 80%-ზე მეტი TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტითაა დაგენერირებული და მასში დემოკრატიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. რელიგიის თავისუფლება გადაიქცა პროპაგანდად, შეკრების თავისუფლება -დაფინანსებულ პროტესტად, გაერთიანების თავისუფლება კი – კრემლის მიერ მხარდაჭერილი პარტიების დაფინანსებად, კაპიტალის თავისუფლება – უკანონო ფულად პოლიტიკაში. ეს არაა მხოლოდ მოლდოვის ამბავი, კიშინიოვში გატესტილი კრიპტოსქემები გამოიყენება ევროკავშირის სანქციების თავიდან ასარიდებლად, რათა რუსეთის ომის მანქანა დაფინანსდეს. საჭიროა მეტი კოორდინირება, რომ აგრესია ძვირი დაჯდეს, ძლიერი თავდაცვითი, დაზვერვითი თუ კიბერშესაძლებლობებით, ძლიერი კოორდინაციით ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ – ევროპამ უნდა გააერთიანოს ძალები და იმოქმედოს სწრაფად. არავინაა უსაფრთხოდ, ვიდრე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. დღეს ახალი მეთოდები გვჭირდება – ასე უნდა ადაპტირდეს ევროპა”, – უთხრა ევროპელებს მაია სანდუმ ევროპარლამენტის სხდომაზე.
გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საკუთარ ამომრჩეველს მიმართავს და მოუწოდებს, მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს ერთიანობითა და სიფხიზლით უპასუხონ. საარჩევნო ყუთებთან ევროპული მომავლის დაცვა კი მას თითოეული მოქალაქის ვალდებულებად მიაჩნია.