მთავარისაქართველოევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს ხელისუფლებას: „შეწყვიტეთ ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა"

ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს ხელისუფლებას: „შეწყვიტეთ ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა”

„ევროკავშირის ელჩს ჩვენი სრული ნდობა აქვს და მისი სიტყვები საქართველო-ევროკავშირის რეალობას ასახავს“, – ასე უპასუხა ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა კითხვას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის ელჩსა და სხვა დიპლომატებთან მიმართებით ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხებოდა.

„ჩვენი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამგვარია: შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ იგი თავის სამუშაოს ასრულებს. სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბურ მცდელობას ვხედავთ. ელჩზე თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის იმის დამახინჯება, რაც რეალურად ხდება საქართველოში – უდანაშაულო დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიები და ძალადობა. ამიტომაც, ჩვენი ქმედებები, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე პასუხია“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

ამასთან, ევროკომისიის პრესსპიკერმა უპასუხა 13 სექტემბერს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებულ კითხვასაც. მას ჰკითხეს, თუ როგორია ევროკავშირის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“  იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლითაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბრიუსელს ადანაშაულებენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეუჩერდება.

„ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. არ ვმონაწილეობთ დადანაშაულების თამაშში. გვსურს, ვიხილოთ რეალური ნაბიჯები და წახალისება დიალოგისკენ, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და შემდეგ განვიხილავთ, თუ რა ვარიანტებია მაგიდაზე ამ ურთიერთობის გაუმჯობესების ან არგაუმჯობესების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend