4 ოქტომბერი საქართველოში განსაკუთრებული პოლიტიკური თარიღი იქნება. ამის მოლოდინი, თუმცა განსხვავებული ფინალით, აქვს სხვადასხვა პოლიტიკურ ფლანგს ქართულ პოლიტიკაში. ერთი ნაწილი, ვინც თვითმმართველობის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს და არ მონაწილეობს, დიდ საპროტესტო აქციას გეგმავს ე.წ. „მშვიდობიანი რევოლუციის“ ან „მშვიდობიანი დამხობის“ მოტივით.
ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ამ სიტყვებში ძალადობრივი არაფერი იგულისხმება და რომ „ქართულ ოცნებას“ აქციაზე გამოსული მოქალაქეების დიდი რაოდენობის დანახვა გაუშვებს ხელისუფლებიდან.
„ასობით ათას საქართველოს მოქალაქეს ექნება კონკრეტული ულტიმატუმი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების სადავეებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორებას, ხოლო ეს ჩამოშორება როგორ და რანაირად მოხდება, ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს საკუთარი თვალით იხილავს და ამის თანამონაწილე იქნება. 4 ოქტომბერი არ არის რომელიმე ოპოზიციური პარტიის საკუთრება, მათ შორის, არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, 4 ოქტომბერი არის სახალხო პროცესი, რომელშიც ჩართულია სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო ჯგუფები, საზოგადოებისთვის მაღალი ნდობის პირები, რომელთა მთავარი მოტივაციაა, 4 ოქტომბერს ივანიშვილმა ვერ შეძლოს პირადი მისიის მიღწევა. ამის საპირისპიროდ, მოხდეს საქართველოში ის მნიშვნელოვანი გარღვევა, რაც საქართველოს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ დაბრუნდეს იმ განვითარების რელსებზე, საიდანაც 2012 წლის ოქტომბერს გადაუხვია“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა ლევან სანიკიძემ.
საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორებას არჩევნების გზით ხედავს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს. ამბობენ, რომ პროტესტიც მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტიკურმა პარტიებმა, ბრძოლის ყველა გზა უნდა გამოიყენონ და არა ერთი, ამ შემთხვევაში კი, არჩევნებიც და პროტესტიც.
„დილით და დღისით წავიდეთ არჩევნებზე და საღამოს ვიდგეთ რუსთაველზე, ისევ დავიცვათ ჩვენი უფლებები. ეს ორი გზა არათუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ აძლიერებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, ასუსტებს ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს. როცა მიდიხარ, მხარს უჭერ პროდასავლურ ოპოზიციას და შემდეგ მიდიხარ რუსთაველის გამზირზე. თბილისმა უნდა გამოიყენოს ეს შანსი, მათ შორის, რაოდენობრივი უპირატესობა უნდა აჩვენოს საარჩევნო უბნებზე და, მათ შორის, რაოდენობრივი და მორალური უპირატესობა უნდა აჩვენოს რუსთაველის გამზირზე.
გაყალბების პირობებშიც კი, 2024 წელს თბილისი მოიგო პროდასავლურმა ოპოზიციამ და პროდასავლურმა საზოგადოებამ. ახლა კიდევ უფრო სუსტია ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მას უნდა დავარტყათ სწორედ იმ ნაწილში, სადაც სუსტია. ეს არის მისი უმცირესობაში ყოფნა, რადგან დღეს პროევროპელი საქართველოს მოქალაქე არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის რუსულ გეგმებსა და მსახურებაში მყოფი რამდენიმე ჩინოვნიკი და საჯარო მოხელე“, – განაცხადა თბილისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა პარტია „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძემ.
არც არჩევნებით და არც რევოლუციის შიშით, ხელისუფლებიდან წასვლის თემას, სერიოზულად არ განიხილავენ „ქართულ ოცნებაში“. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციას მათზე გამარჯვების რესურსები არ აქვს, ხოლო ძალადობრივ პროცესებს სახელმწიფო სამართლებრივად გაუმკლავდება.
„საქართველოს კონსტიტუციით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, მაგრამ კონსტიტუციაში ისიც წერია, რა მოხდება, თუ შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ხელისუფლება კონსტიტუციიდან გამომდინარე ჩაერევა და არავის ვურჩევ, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას. რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის რესურსი არ გააჩნია. რა თქმა უნდა, რაღაც პროვოკაციებს შეეცდებიან, მაგრამ ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, ის პასუხს მიიღებს.
„ნაცმოძრაობას“ იმის რესურსი არ გააჩნია, რომ ხელისუფლება ძალადობრივად შეცვალოს. შეეცდებიან, პატრონებს დაანახონ, რომ მათ ფულს ტყუილად არ უხდიან და რაღაც მოქმედებებს ჩადიან, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, რაზედაც პასუხს აგებს. სასამართლოს წინაშე წარდგება და თუ რაიმე აქვს თავის გასამართლებელი, ამის ასპარეზი ექნება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.
პოლიტიკის მიღმა მყოფი საზოგადოება კი პოლიტიკური ლიდერებისგან ელის ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მათ ყოფას გააუმჯობესებს, ქვეყანას უფრო განავითარებს და საქართველოს ცივილიზებულ, ევროპულ მომავალსაც საფრთხეს არ შეუქმნის.
ავტორი: ალეკო გვეტაძე