მდგრადი საზღვაო გადაზიდვების მთავარი პირობა წყალბადის-ენერგიით აღჭურვილი გემია. ასეთი სატვირთო კონტეინერები უკვე დაცურავენ ჩრდილოეთის ზღვის მხარეში და გვაჩვენებენ, თუ როგორი უნდა იყოს მომავლის საზღვაო ტრანსპორტი, რომელიც გარემოს მავნე გამონაბოლქვით არ აბინძურებს.
საკონტეინერო გემი სახელწოდებით „H2 Barge 2“ სხვებს არ ჰგავს. იგი საწვავად ე.წ. მწვანე წყალბადის ენერგიას იყენებს, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყაროდან იღებს. ეს საწვავი არ გამოყოფს CO2-ს. ნიდერლანდურმა კომპანია Future Proof Shipping-მა ორი ასეთი მცურავი საშუალება მსოფლიოში პირველად შიდა სანაოსნო გზებზე ტრანსპორტირებისთვის 2023 წლიდან ჩაუშვა წყალში.
სარა რავაზა, Future Proof Shipping-ის მმართველი დირექტორი:
„ჩვენი ბარჟები ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის დაცურავენ და წელიწადში 100 რეისს ასრულებენ. ბარჟებს დაახლოებით 500 კილომეტრის დაფარვა შეუძლიათ, რაც ქმნის გარანტიას, რომ წელიწადში 2 ათასი მეტრული CO₂ დაიზოგება“.
როტერდამის ახლოს, ქალაქ ალბლასერდამის ტერმინალში ეკიპაჟი საკონტეინერო გემის H2 Barge 2-ის უჩვეულო საწვავით შევსების პროცესს ატარებს.
„ჩვეულებრივი დიზელისძრავიანი გემებისგან განსხვავებით, ჩვენი გემები აღჭურვილია ელექტროძრავითა და საწვავის ელემენტებით“, – განმარტავს ტონი ვირვილისი, Future Proof Shipping-ის საზღვაო არქიტექტორი. „საწვავის ელემენტები ისეთი ტექნოლოგიაა, რომელიც წყალბადს ელექტროენერგიად და წყლად გარდაქმნის. მიღებულ ელექტროენერგიას გემი მოძრაობისთვის იყენებს. საწვავის შესავსებად კონტეინერი უნდა შეიცვალოს: უბრალოდ გადმოტვირთავ ცარიელ კონტეინერს და ჩატვირთავ ახალს“.
წყალბადის ენერგიის სიძვირე ამ ეტაპზე ხელს უშლის მსგავსი მექანიზმის ფართოდ დანერგვას.
„ჩვენს შემდეგ სხვა კომპანიებმაც გადაწყვიტეს წყალბადის ტექნოლოგიაში ფულის ჩადება და მათი გემები სადაცაა შევა ბაზარზე,“ – ამბობს Future Proof Shipping-ის მმართველი დირექტორი. „ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ უკვე არსებობს ნამდვილი ეკოლოგიური ტრანსპორტი, რომელიც საერთოდ არ გამოყოფს მავნე გამონაბოლქვს და რომელიც სანდოა, მაგრამ მომხმარებელი მზად უნდა იყოს, რომ გადაიხადოს, იმიტომ, რომ ეს ტექნოლოგია ამჟამად ცოტათი უფრო ძვირია“.
ორი დიზელისძრავიანი საკონტეინერო გადამზიდის წყალბადის საწვავზე გადასვლას ასევე ხელი შეუწყო ევროკავშირის პროექტმა the European Union’s Zero Emission Ports North Sea, რომლის პარტნიორიც არის კომპანია Future Proof Shipping-ი. პროექტის მიზანია საზღვაო ტრანსპორტის დეკარბონიზაციის დაჩქარება. ამ ინტეგრირებული პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 3 მილიონ 600 ათასი ევროა, საიდანაც მილიონ 800 ათასი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა, ერთი ამდენი კი ჩრდილოეთის ზღვის რეგიონის ხუთმა პარტნიორმა გაიღო.
დრაგოშ ლუპუ 18 წელია, დაცურავს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის H2 Barge 2-ის კაპიტანი გახდა, თავისი საქმე უფრო მოსწონს.
„ყველაფერი უხმაუროდ მუშაობს, არავითარი ვიბრაცია არ იგრძნობა. ცურვის დროს თავს უკეთ ვგრძნობთ და ცურვა უფრო სასიამოვნოა. გემი მხოლოდ წყლის ორთქლს გამოყოფს. ეს კი სასარგებლოა ჩვენი და მომავალი თაობების ჯანმრთელობისთვის“, – ამბობს დრაგოში.
ავტორი: დავიდე რაფაელე ლობინა