თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. თავდაცვის უწყების ყოფილ ხელმძღვანელს სახელმწიფო ბრალდება ედავება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას.
სასამართლოზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახლში მიღებული ტრავმის გამო აქვს ტვინის შერყევა და დაჟეჟილობა. მისივე თქმით, მედიკოსებმა ჯუანშერ ბურჭულაძეს 21-დღიანი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მისთვის წარდგენილ ბრალს „აბსურდული“ უწოდა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ეჭვი აქვს, რომ მისი დაკავება, ციტატა: „სხვა რაღაცით არის მოტივირებული“.
ყოფილი თანაგუნდელის დაკავებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ჯუანშერ ბურჭულაძის პატიმრობას 12 სექტემბერს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი მტკიცებით, მმართველი პარტია იქნება „მაქსიმალურად ეფექტიანი და მკაცრი“, როცა საქმე კორუფციას ეხება. ოპოზიციას კი „ქართული ოცნების“ მსგავსი განცხადებების არ სჯერა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს დააკავა. მისდამი წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.
