მთავარისაქართველოთავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალის წარდგენის მოლოდინში

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალის წარდგენის მოლოდინში

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. სახელმწიფო ბრალდება მას ედავება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი თანაგუნდელები აფასებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია იქნება „მაქსიმალურად ეფექტიანი და მკაცრი“, როცა საქმე კორუფციას ეხება. დედაქალაქის მერმა კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეს სამწუხარო ფაქტი უწოდა.

„წმინდა რუსული ტიპის მიდგომად“ აფასებს ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას „ნაციონალური მოძრაობა“. ყოფილ სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი პირველებმა მათ დაიწყეს. სხვა ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ასეთი საქმეებით სახელისუფლებო პარტია კრიზისს კიდევ უფრო მეტად აღვივებს.

ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯუანშერ ბურჭულაძეს დააკავებდა, ამავე უწყებამ ფულის გათეთრების საქმეზე დააკავა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მისი გარემოცვის წევრებსაც. მათ შორის იყო თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა. გარემოცვის წევრების დაკავებიდან რამდენიმე დღეში ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო ამ საქმეში მისი თანამშრომლების უდანაშაულობაში. მან ასევე გამორიცხა სამართალწარმოების დაწყება პოლიტიკური მოტივით.

თუკი სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძის ბრალეულობა დაადგინა, მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავდაცვის უწყებას ის 2021-2024 წლებში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ამავე უწყებაში მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend