მთავარისაქართველოსაქართველოს შესახებ მიმართვას ავრცელებს ეუთოს 37 ქვეყანა

საქართველოს შესახებ მიმართვას ავრცელებს ეუთოს 37 ქვეყანა

ეუთოს 37 ქვეყანა საქართველოს შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. ერთობლივ მიმართვაში უარყოფითად არის შეფასებული ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა.

დოკუმენტში დაგმობილია ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის, საქმეზე 6 აგვისტოს გამოტანილი განაჩენი, რომელსაც ეუთოს წევრი 37 ქვეყანა არაპროპორციულს უწოდებს. განცხადებაზე ხელმომწერი სახელმწიფოები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლოს, მათი თქმით, უკანონოდ დაკავებული პირები და უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ამ კონტექსტში ნახსენები არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც.

ასევე მიმართვით სახელმწიფოები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევები და პასუხისმგებლობა დააკისროს შესაბამის პირებს.

ეუთოს 37 ქვეყანა საუბრობს მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც. განცხადებაში ნათქვამია, რომ კენჭისყრის პროცესი გაიმართება უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციისა და მზარდი რეპრესიების ფონზე.

ეუთოს წევრი სახელმწიფოები წუხილს გამოთქვამენ, რომ ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიას გვიან გაეგზავნა მოწვევა წინასაარჩევნო და კენჭისყრის პროცესზე დასაკვირვებლად.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ერთგულება ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებისადმი და კრიზისის მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით აღმოსაფხვრელად დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი სახელმწიფოები: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend