თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გერმანიის ელჩი ერნს პეტერ ფიშერი უცხოელი რადიკალია, რომელიც საქართველოში ძალადობას ახალისებს.
„რა განცხადებას ელით გერმანიის ელჩისგან? – ჩვეულებრივი რადიკალია, უბრალოდ სხვა ქვეყნის მოქალაქე. არის წამახალისებელი იმ ბოროტების, სიძულვილის, რომელსაც გარე ძალები აღვივებენ ქვეყანაში და არის ამ დაჯგუფების, ამ ექსტრემიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ეს ადამიანი ყველა წითელ ხაზს, ყველა დიპლომატიურ ჩარჩოს გასცდა მისი ქმედებებით, მისი განცხადებებით. რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, პირველ რიგში, მისთვის, ამ ტიპის ქმედებები, ამ ტიპის განცხადებები. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი!
ის პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირი ჭეშმარიტება, არანაირი სიმართლე არ არსებობს მის განცხადებებსა და ქმედებებში. გაწერილია კანონით, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს დიპლომატი, საერთოდ ყველანაირი კანონებიდან ამოვარდნილია, ყველანაირ ჩარჩოებს მიღმა არის.
გავიხსენოთ, თუნდაც, საარჩევნო პერიოდი, არჩევნების დროს, როდესაც საპარლამენტო არჩევნების კამპანია მიმდინარეობდა. ეს ადამიანი თავისი განცხადებებით, თავისი ქმედებებით როგორ იქცეოდა. ეს წარმოუდგენელია – არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში მსგავს ქმედებას სხვა ქვეყნის ელჩებს არ აპატიებენ და წარმოუდგენელია ასეთი ქმედებები, რასაც ეს ადამიანი აკეთებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.