მთავარისაქართველო„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ - მოსმენა ჰელსინკის კომისიაში

„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ – მოსმენა ჰელსინკის კომისიაში

„პირველად სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობას“, – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიის სხდომაზე.

ჰელსინკის კომისიაში გამართულ მოსმენაზე მკაცრად გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ საშინაო და საგარეო პოლიტიკა და არაერთხელ აღნიშნეს, მმართველი პარტიის ქმედებები ქვეყანას სანდო პარტნიორს სულ უფრო და უფრო აშორებს.

გარდა სალომე ზურაბიშვილისა, სხდომაზე კონგრესმენებმა თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელსა და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარ ლუკ კოფისაც მოუსმინეს.

„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული გამარჯვება იყო რუსეთზე, თან მშვიდობიანი. მას შემდეგ, რაც რუსეთი ერთ საუკუნეზე მეტხანს ცდილობდა კავკასიისა და ცენტრალური აზიის თავის ექსკლუზიურ დომინაციაში დატოვებას. ამერიკა რეგიონში სრულფასოვანი აქტორი გახდა, რამაც ჩვენი ხალხი შთააგონა და ახალი სტანდარტები განსაზღვრა.

დღეს პირველად სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას. საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირებას და იზოლირებას ახდენს სანდო პარტნიორისგან, და ამავდროულად, სულ უფრო უახლოვდება შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს.  რუსეთი თავისი დომინანტური პოზიციის აღსადგენად თამაშობს.

„ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა. მმართველი პარტიის საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტიამერიკული ტონი მიიღო. საჯარო თავდასხმები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებზე – ვფიქრობ, ელჩი, რომელიც ჩემ უკან ზის, დამეთანხმება. ასევე ამერიკულ პოლიტიკაზე – შტატებს მოსკოვის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის” გახსნისკენ მოწოდებებს აბრალებენ, თავდასხმა პერსონალურად პრეზიდენტ ტრამპსა  და მის ადმინისტრაციაზე.

პარალელურად, „ქართული ოცნების” ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან – აკოპირებენ რუსეთის ლიდერების რიტორიკას. ასევე, ჩინეთსა და ირანთან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის, თეირანისა და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის. და სამწუხაროდ, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ” აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს წინააღმდეგობის ნაცვლად ემსახურება.

მათ ავტორიტარულ ძალებთან კავშირი გააღრმავეს. ჩინურ კომპანიებს დაუძახეს მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანიები „დაბლოკეს“ შუა დერეფანში შესაძლებლობებისთვის. „ქართულმა ოცნებამ” სახელმძღვანელოში შესატანი შემთხვევა შექმნა ანაკლიის პორტზე, საიდანაც ამერიკულ-ქართული კონსორციუმი გააგდეს. ჩინურ კომპანიას კი პირობა მიეცა, რომ მოსულიყო. საბედნიეროდ, ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ „ქართული ოცნების” მხრიდან ძალიან ძლიერი ინტერესია, რომ ამ ჩინურ კომპანიას გზა გაუხსნან ”, – განაცხადა ხიდაშელმა.

„ქართული ოცნება“ კრემლის ხედვებს იზიარებს. მან განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი ნატოს გაფართოება იყო. ამავდროულად, გააკრიტიკა დასავლური სანქციები, თუმცა პარალელურად გაზარდა სავაჭრო ურთიერთობები მოსკოვთან. ამის შედეგად, საქართველო გადაიქცა ეკონომიკურ „ნაცრისფერ ზონად“, რომლის მეშვეობითაც სანქციების გვერდის ავლა ხდება. გარდა ამისა, არსებობს პრობლემური საკითხი, რომელიც თბილისის ზედმეტად თბილ ურთიერთობებს ეხება ირანთან. ივლისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში მივიდა, რათა ხელი მოეწერა სამძიმრის წიგნზე მათ პატივსაცემად, ვინც ამერიკისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

ჰელსინკის კომისიის სხდომა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გახსნა. მან საქართველოში შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსზე ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ „ქართველი ხალხის მისწრაფებებს ოლიგარქებისა და ავტოკრატების მცირე ჯგუფი ამსხვრევს“. მისივე თქმით, ეს ჯგუფი ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის, „არამედ პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და მოსკოვში ომის დამნაშავე პუტინის წინაშე“.

კომისიაზე სიტყვით გამოვიდა დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენიც. „„ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა”, – განაცხადა მან.

„„ქართული ოცნების” მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს, ართმევს სუვერენიტეტს და სიღარიბისთვის იმეტებს, ღალატობს ქვეყნის ტრადიციულ მოკავშირეებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს… ეს ძირს უთხრის კეთილსინდისიერ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომელმაც ათწლეულების მანძილზე დიდი ინვესტიცია გააკეთა, რათა საქართველოს დახმარებოდა თავისუფალი, აყვავებული და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაში.

რასაც დღეს ვხედავთ, არის ამ პროგრესის ჩამოშლა კორუმპირებული რეჟიმის მიერ, რომელსაც ლეგიტიმურობა არ გააჩნია. „ქართული ოცნება” ძალაუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა. მისი მმართველობა ერთპარტიულია. მან ოპოზიციონერი ლიდერები დააპატიმრა, სცემა და აწამა მშვიდობიანი დემონსტრანტები, გააჩუმა დამოუკიდებელი მედია და საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია. და ის სწრაფად აქცევს საკუთარ თავს ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის კატეგორიაში.

ეს ღალატი აქ არ ჩერდება. „ქართულმა ოცნებამ” ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მოკალათება გადაწყვიტა. კარი გაუღო ჩინეთის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, საკუთარი შავი ზღვის პორტი ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას” გადასცა, რითაც ამერიკული ბიზნესები სტრატეგიული სავაჭრო მარშრუტებისგან დაბლოკა და საქართველოს მომავალი დაუკავშირა რეჟიმს, რომელიც ღიად ემზადება ამერიკელ ხალხთან კონფრონტაციისთვის. ამავდროულად, ის მჭიდროდ მუშაობს ომის დამნაშავე პუტინთან. ეხმარება მოსკოვს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, მისი ნავთობის გადაყიდვაში, მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას”, – განაცხადა ჯო უილსონმა.

„„ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა – არ აღმოჩნდა ის, რასაც აცხადებდა, რომ იყო… რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო და კვლავ გააკეთებს ამას, თუ შესაძლებლობა ექნება. თან ახლა იქ მოკავშირე ჰყავთ  ბატონი ივანიშვილის სახით. ასე რომ, ეს სიტუაციას ამარტივებს… სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს”. რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს აშენებს. იმდენად დიდი უმრავლესობაა – დემოკრატები და რესპუბლიკელები ორპარტიულად უჭერენ მხარს კანონპროექტს… ეს თითქმის გაუგონარია. როგორც ჩანს, ერთმა ადამიანმა შეძლო მისი „ჩაკვლა”. გასაოცარია, რომ ეს მოხდა“,- განაცხადა სტივ კოენმა.

კომისიაზე საქართველოს შესახებ მსჯელობა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend